ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელის "ბორჯომს" და 1000-მდე დასაქმებულს?


„IDS ბორჯომმა“ "ბორჯომის", "მიტარბის", "ლიკანის" და "ბაკურიანის" ჩამოსხმა შეაჩერა

საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების უმსხვილესმა ექსპორტიორმა „IDS ბორჯომმა“, რომელიც „ბორჯომს“, „ლიკანს“, „მიტარბს“ და „ბაკურიანს“ ასხამს, ბორჯომში მდებარე, ორი ჩამომსხმელი ქარხნის მუშაობა შეაჩერა.

რამდენიმე ასეულ დასაქმებულს უმუშევრად დარჩენა ემუქრება, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ორ უმსხვილეს ბაზარზე, გაყიდვები პრაქტიკულად, ჩავარდნილია. შედარებისთვის, 2021 წელს, რუსეთში - 14.4 მილიონი დოლარის, ხოლო უკრაინაში 6.7 მილიონის ქართული მინერალური და მტკნარი წყალი გაიყიდა. „IDS ბორჯომი“ გაყიდვების ლიდერი იყო.

„IDS ბორჯომს“ დამატებით სერიოზულ პრობლემებს უქმნის ის გარემოებაც, რომ კომპანიის საკონტროლო პაკეტს, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატი Alfa ჯგუფი ფლობს.

Alfa ჯგუფის მთავარი აქციონერები, პუტინის რუსეთის ოლიგარქები: მიხაილ ფრიდმანი, ალექსეი კუზმიჩევი, გერმან ხანი და პეტრე ავენი, უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან, მათი საბანკო ანგარიშები კი გაყინულია.

„ორ მთავარ ბაზარზე, სადაც „IDS ბორჯომი“ ოპერირებს, პრაქტიკულად, კომპანია პროდუქციას ვეღარ ყიდის“
გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი

„ორ მთავარ ბაზარზე, სადაც „IDS ბორჯომი“ ოპერირებს, პრაქტიკულად, კომპანია პროდუქციას ვეღარ ყიდის“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ფინანსისტმა გიგა ბედინიეშვილმა.

მისი თქმით, „ბორჯომს, პრობლემა აქვს რუსეთში იმიტომ, რომ იქ ამერიკულ დოლარში აკრძალულია საბანკო ოპერაციები, კომპანიას კი რუსული რუბლის აღება არ უნდა და იქედან ფული ვეღარ შემოაქვს. ანუ რუსეთში "ბორჯომს" დოლარში ვერ გაყიდის. უკრაინაში პრობლემა აქვს, იმიტომ რომ იქ ომია და გაყიდვები გაჩერებულია. ამიტომ გასაგებია, რომ „ბორჯომს“ საქართველოში წარმოების შეჩერება მოუწია. როცა გაყიდვები არ არის, კომპანია ბუნებრივია მხოლოდ მარაგებზე ვერ იმუშავებს“.

გიგა ბედინეიშვილი „IDS ბორჯომის“ პრობლემებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:40 0:00

„IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას, საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაემატა, რამაც კომპანიას სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა ჩაუკეტა“.

„თვითონ კომპანია IDS ბორჯომი არ არის სანქციების ქვეშ“ - განმარტავს ფინანსისტი გიგა ბედინიეშვილი. „ფრიდმანი არის სანქციების ქვეშ, მას გაუყინეს საბანკო ანგარიშები. IDS ბორჯომს შეეხება ფრიდმანთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ფრიდმანს დამატებით ფული უნდა ჩაედო კომპანიაში.

ასევე, თუ იმას დავუშვებთ, რომ „ბორჯომი“ წარმოებას ვერ გააგრძელებს, გაყიდვები არ ექნება და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამ დროს, თუ დაჭირდა ფული ფრიდმანისგან ან სხვა აქციონერებისგან, ამ ფულს ვერ მიიღებს, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის „ბორჯომისთვის“ - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლის დეკანი.

„ყველაზე ცუდი სცენარი არის, რომ ადამიანები ვინც კომპანიაშია დასაქმებული სამსახურის და ლუკმა პურის გარეშე დარჩებიან
გიორგი დიასამიძე, აგრარული მეურნეობის ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი

„IDS ბორჯომს“, საქართველოში 1000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. „ყველაზე ცუდი სცენარი არის, რომ ადამიანები ვინც კომპანიაშია დასაქმებული სამსახურის და ლუკმა პურის გარეშე დარჩებიან“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს აგრარული მეურნეობის ვაჭრობისა და პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე, იგი კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს.

მისი თქმით, „უფრო მეტი სოციალურად დაუცველი გაჩნდება ჩვენს საზოგადოებაში, ჩათვალეთ, რომ 400 ოჯახია დასაქმებული, ამას მიბმულია დისტრიბუცია და 1000 ადამიანამდე ადის“.

დიასამიძე "IDS ბორჯომში" დასაქმებულთა მომავალზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:45 0:00

„IDS ბორჯომი“ დასაქმებულებს დაპირდა, რომ აპრილის თვის ხელფასებს სრულად დაფარავს, რა იქნება შემდეგ, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინის და რუსეთის ბაზრებზე, რამდენად სწრაფად და რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში.

„IDS ბორჯომი-საქართველო“ უფრო დიდი კონგლომერატის IDS Borjomi International-ის ნაწილია. აერთიანებს IDS ბორჯომი-უკრაინას, IDS ბორჯომი-რუსეთს, IDS ბორჯომი-ბელარუსს და IDS Borjomi Europe-ს, რომლის ოფისიც ლიტვაში მდებარეობს. კონგლომერატში 7 ათასი ადამიანი მუშაობდა.

IDS Borjomi International საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქარხანა აქვს უკრაინასა და რუსეთში. „ბორჯომის“,„ლიკანის“, „მიტარბის“ და „ბაკურიანის“ ბრენდების გარდა, მასვე ეკუთნის ცნობილი უკრაინული ბრენდები Моршинська, Миргородська და Трускавецька. ასევე ცნობილი რუსული ბრენდები Святой источник და Эдельвейс.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, IDS Borjomi International-ის მინერალური და მტკნარი წყლები მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდებოდა. კომპანიას რუსეთის ბაზრის 12% ეკავა. 2020 წლის მონაცემები, კომპანიამ რუსეთში 132 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი "ბორჯომი" და 530 მილიონი ბოთლი "Святой источник" გაყიდა.

პუტინი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, IDS Borjomi International მსხვილი აქციონერი
პუტინი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი, IDS Borjomi International მსხვილი აქციონერი

ბოლო წლებში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Alfa ჯგუფის აქციონერები IDS Borjomi International გაყიდვას ცდილობდნენ. მაღალი ფასის გამო, (ყველა აქტივის, დაახლოებით - 1.5 მილიარდი დოლარი; მხოლოდ ქართული აქტივის - 630 მილიონი დოლარი), მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ისეთ ტრანსნაციონალურ გიგანტებთან, როგორებიც Nestle და Coca Cola არიან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, როცა Alfa ჯგუფის აქციონერი, რუსი ოლიგარქები სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, უკრაინულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს, ფრიდმანი მზად იყო, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივისთვის ინა გუდავაძისთვის IDS ბორჯომი-უკრაინა ფორმალურად გადაეცა და ამ ნაბიჯით, უკრაინაში აქტივების ნაციონალიზაცია აეცილებინა თავიდან.

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე
ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე

სწორედ პატარკაციშვილების ოჯახმა მიჰყიდა „ბორჯომი“ მიხაილ ფრიდმანს 2013 წელს, "სელფორდ კაპიტალის" ფონდის მეშვეობით. გუდავაძე და ოჯახის სხვა წევრები IDS Borjomi-ის მინოტარულ აქციონერებად, ამ დრომდე რჩებიან.

IDS Borjomi International, რომელიც კვიპროსის ოფშორშია რეგისტრირებული, საქართველოში, ორი ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, DS Borjomi Beverages Co. N.V-ის მეშვეობით, ფლობს ბორჯომის მინერალური წყლის ჭაბურღილებიდან წყლის მოპოვების 25 წლიან ლიცენზიას. სამი ჭაბურღილიდან კომპანიამ წლიურად 365000 მ​3 წყალი უნდა მოიპოვოს.

“თუ ნაციონალიზაცია გულისხმობს IDS Borjomi-ის ღირებულების გადახდას ფრიდმანისთვის საქართველოს მხრიდან, ეს აბსოლუტურად არარეალისტურია“

„სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს“ - ასე გამოეხმაურა ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების გაჩერებას ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, პრივატიზაციის შემდეგ, „ბორჯომის“ ბრენდს და ქარხნებს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2000 წლების დასაწყისამდე სწორედ ხაზარაძე ფლობდა, სანამ ბადრი პატარკაციშვილს მიყიდდა.

“თუ ნაციონალიზაცია გულისხმობს IDS Borjomi-ის ღირებულების გადახდას მიხაილ ფრიდმანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს აბსოლუტურად არარეალისტურია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა.

ბედინეიშვილი რუსული აქტივების ნაციონალიზაციაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

მისივე თქმით, „თუ საუბარია ექსპროპრიაციაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, ანუ იძულების წესით, „იაფად“ გავაკეთოთ. „ნაციონალიზაცია“ ეს მაინც ნაწილობრივ ექსპროპრიაცია გამოდის. ნაციონალიზაცია მარტივი საკითხი არ არის, იმიტომ რომ პრეცედენტული საკითხია. ერთის მხრივ, მესმის არგუმენტი, რომ დავსაჯოთ რუსი ოლიგარქები, ფრიდმანი, რომელიც პუტინის ომის ხელშემწყობია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სახიფათო პრეცედენტია“ - მიაჩნია ბედინეიშვილს.

„IDS ბორჯომი“ განცხადების შემდეგ, რომ საქართველოში კომპანია მუშაობას აჩერებს, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, IDS Borjomi International-ის ობლიგაციები 40%-ით გაუფასურდა.

7 მილიარდი რუბლის მოცულობის, ხუთწლიანი, სადებიუტო ობლიგაციები, IDS Borjomi International-ის, შვილობილმა კომპანია „ბორჯომი ფინანსმა“ მოსკოვის ბირჟაზე, 2021 წლის თებერვალში განათავსა.

IDS Borjomi International არ აკეთებს კომენტარს, მინერალური და მტკნარი წყლის რა მარაგები აქვს, ამ დროისთვის რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში, და რამდენ ხანს ეყოფა კომპანიას აღნიშნული მარაგები.

XS
SM
MD
LG