ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: მარიუპოლში ათასი უკრაინელი საზღვაო ქვეითი დაგვნებდა


მარიუპოლი, 12 აპრილი, 2022 წ.
მარიუპოლი, 12 აპრილი, 2022 წ.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მარიუპოლის პორტში მყოფი 1000-მდე უკრაინელი საზღვაო ქვეითი მათ დანებდა. ამის შესახებ ცნობებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აზოვის ზღვაზე გასასვლელი უკრაინული პორტი, რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე იყო.

თუკი რუსები "აზოვსტალის" ინდუსტრიულ რაიონს აიღებენ, რომელსაც საზღვაო ქვეითები იცავდნენ, ისინი მარიუპოლზე სრულ კონტროლს მოიპოვებენ. ეს კი რუსეთს მისცემს შესაძლებლობას ოკუპირებული ტერიტორიები - ანექსირებული ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი - სახმელეთო დერეფნით ერთმანეთთან დააკავშიროს.

24 თებერვლის შემდეგ დაწყებული ომის, დაბომბვების, ალყის და სასტიკი შეტაკებების შემდეგ, მარიუპოლი შესაძლოა პირველი დიდი ქალაქი გახდეს, რომელზეც რუსები კონტროლს მოიპოვებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მათ სულ 1026 საზღვაო ქვეითი დანებდა, მათ შორის 162 ოფიცერი და ეს რუსეთის ჯარისა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო შენაერთების წარმატებული თავდასხმითი ოპერაციის შედეგად მოხდა.

უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ რუსული მხარის "აზოვსტალზე" შეტევები გრძელდება, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს უკრაინელთა დანებების შესახებ ცნობები არ აქვს. "როიტერის" ჟურნალისტები, რომლებიც რუსული ჯარის შენაერთებთან ერთად გადაადგილდებოდნენ, ამბობენ, რომ ამ რაიონიდან სამშაბათს ცეცხლის კვამლი ჩანდა. ორშაბათს საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა ამბობდა, რომ ეს მარიუპოლში მათი ბოლო ბრძოლები იყო, რადგან მათ უკვე იარაღიც უმთავრდებოდათ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქში სავარაუდოდ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. ქალაქი რამდენიმე კვირაა რუსულ ალყაშია და მოსახლეობა სასმელი წყლის, ელექტროენერგიის, გათბობისა და ხშირ შემთხვევაში - სატელეფონო კავშირის გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG