ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი და ლე პენი მეორე რაუნდის მოლოდინში


ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი
ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მისი რადიკალი მემარჯვენე ოპონენტი მარინ ლე პენის მიერ გაცემული ეკონომიკური დაპირებები „ფანტაზიას“ წარმოადგენს. ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ დენენში ვიზიტისას, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია, მაკრონმა თქვა, რომ ქვეყნის საპენსიო ბიუჯეტის არსებული სახით შენარჩუნება შეუძლებელია და მისი ოპონენტის მიერ საპენსიო ასაკის დაწევის დაპირება, არარეალისტური.

44 წლის მაკრონი შესაძლოა გახდეს პირველი პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთში, ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად მოიგებს მეორე ვადის არჩევნებს. თუმცა მის წინაშე ლე პენის სახით დიდი გამოწვევაა.

მაკრონი კვირის არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა. ის ახლა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 2017 წლის მსგავსად, მარინ ლე პენს დაუპირისპირდება. კვლევების მიხედვით, ორ კანდიდატს შორის 2017 წლისგან განსხვავებით, სხვაობა ნაკლები იქნება. 2017 წელს მაკრონმა მისი ოპონენტის წინააღმდეგ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა.

„იფოპის“ კვლევის მიხედვით, 24 აპრილს დაგეგმილი მეორე რაუნდისთვის მაკრონს 51 % დაუჭერს მხარს, ხოლო ლე პენს 49%. შედეგად ორ კანდიდატს შორის პროგნოზებით სხვაობა ცდომილების ზღვარში ხვდება და პროგნოზირება რთულია.

არჩევნების პირველ ტურში შედეგებმა აჩვენა, რომ მაკრონმა 27,84 % მიიღო, ხოლო ლე პენმა 23,15%. მესამე ადგილზე რადიკალი-მემარცხენე კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი გავიდა.

მელანშონმა მის მხარდამჭერებს მოუწოდა არ დაუჭირონ მხარი ლე პენს, თუმცა ამასთან არ მოუწოდებია მაკრონის მხარდაჭერისკენ. არჩევნების ბედს სწორედ ის გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით მისცემენ ხმას მემარცხენე ამომრჩევლები.

კვირას ლე პენმა ამომრჩეველს მიმართა და თქვა, რომ მათ საფრანგეთის ორ ხედვას შორის უწევთ არჩევანის გაკეთება „ერთი ემანუელ მაკრონის მიერ შექმნილი დაყოფის, უსამართლობის და უწესრიგობის, რომელიც მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფისთვისაა სასარგებლო, მეორე ფრანგი ხალხის გაერთიანებაა, სოციალური სამართლიანობის დაცვის გარშემო“.

მაკრონის მხარდამჭერები და მისი კამპანიის წევრები ამბობენ, რომ მან მეტი უნდა გააკეთოს მემარცხენე ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

კვირის არჩევნები კიდევ ერთხელ იყო დარტყმა ქვეყნის ტრადიციული მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებისთვის, ცენტრისტულმა მემარცხენე „სოციალისტების პარტიამ“ ხმების მხოლოდ 1,8 პროცენტი მიიღო, ხოლო მემარჯვენე რესპუბლიკელებმა მხოლოდ 4,8 პროცენტი.

XS
SM
MD
LG