ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია გამართეს


"რადიო თავისუფლების" ფოტო: სოხუმი, რუსეთის და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია სოხუმის სტადიოინზე, 11 მარტი, 2022

სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მხარდაჭერას უცხადებდნენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ე.წ ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე "მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად", ისევე, როგორც უკრაინის „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები „ერთიანი არიან აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხში“.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად რთული იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინა „გადაიქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იმპერიალიზმის პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას“.

ბჟანიამ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც და თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთი „სიმართლეს აგებინებდა“ ყველას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლუჰანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების დოკუმენტებს ხელი 25 თებერვალს მოაწერა.

10 მარტს ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი ბრძანებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

XS
SM
MD
LG