ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„თუ რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება,“- ლავროვი


მაშინ როცა რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას სულ უფრო და უფრო ზრდის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთს ომი არ სურს. ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი საკუთარ ინტერესებს არ დათმობს, თუმცა დაპირისპირება და ომი კრემლს არ სურს.

„თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. ჩვენ არ გვინდა ომები. თუმცა არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების უხეშად გათელვას, იგნორირებას,“- აცხადებს სერგეი ლავროვი რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრის დროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დასავლეთი რუსეთის ინტერესებს უგულებელყოფს თუმცა, ოთხშაბათს ამერიკისა და ნატოს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში „რაღაც“ ხელჩასაჭიდი არის.

ლავროვმა რუსულ რადიოსადგურთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონის საპასუხო შეთავაზებები გაცილებით საინტერესოა და სჯობს ნატოს მიერ წარდგენილ საპასუხო წერილს, თუმცა დიპლომატს დეტალებზე არ უსაუბრია.

აქვე რუსი დიპლომატი ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ის კვლავ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს. ბოლოს ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ჟენევაში 21 იანვარს შეხვდნენ. მაშინ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამ დროისთვის უცნობია შეხვედრის დრო და ზუსტი ადგილი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნატოსა და რუსეთის და ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. მხარეებს მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ ცდილობენ რუსეთის უკრაინაში მორიგი შეჭრა და ახალი ომი თავიდან აირიდონ და პროცესი მშვიდობიანად, დიპლომატიის გამოყენებით გადაჭრან. ამერიკა, ნატო და მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი მაინც გადაწყვეტს რუსეთში შეჭრას ეს მოსკოვს ძვირი დაუჯდება.

2021 წლის მიწურულს, რუსეთმა ნატოსა და ვაშინგტონს 2008 წლის, ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. კრემლი მოითხოვს, რომ შეიცვალოს სამიტის კომუნიკეს ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვში ითხოვენ, წერილობით გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები არასდროს გახდებიან.

როგორც ვაშინგტონი, ასევე ნატო და მოკავშირე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს მოთხოვნას არ განიხილება და რუსეთს არ მისცემენ საშუალებას ნატოს გადაწვეტილებებსა და ცალკეული ქვეყნების სურვერენულ არჩევანში ჩაერიოს. აქვე ვაშინგტონის პოზიციაა, რომ „არ იქნება მოლაპარაკებები ევროპაზე, ევროპის გარეშე. არ იქნება მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე და არ იქნება მოლაპარაკებები საქართველოზე საქართველოს ჩართულობის გარეშე“.

მაშინ, როცა ლავროვი კვლავ უარყოფს, რომ რუსეთს ომი სურს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ამ კვირაში დაადასტურა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზება და აქტივობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ ნატოშიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG