ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო კიევში დაბრუნდა


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩავიდა, სადაც მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით საქმეს იძიებენ. პოროშენკო გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. კიევის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლთან დაპირისპირების შემდეგ, სადაც მან დაცვას ბრალი დასდო პასპორტის ჩამორთმევაში, პოროშენკომ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

„ჩვენ აქ არ ვართ პოროშენკოს დასაცავად, ჩვენ აქ ვართ უკრაინის დასაცავად და გასაერთიანებლად“, - უთხრა მან მხარდამჭერებს.

პოროშენკოს ბრალად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების დაფინანსება ედება, 2014-2015 წლებში ქვანახშირის არაკანონიერად გაყიდვის გზით, როცა მას პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მისი თქმით, ბრალდებები გამოგონილია. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ პროკურატურა და სასამართლო დამოუკიდებელია და პოროშენკო კანონზე მაღლა არ დგას.

ბრიფინგზე ტეტიანა საპიანმა, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პოროშენკოს გადასცეს უწყება სასამართლოში გამოცხადების თაობაზე.

„თუმცა, პეტრო პოროშენკომ უარი განაცხადა საპროცედურო დოკუმენტების მიღებაზე, არ გაითვალისწინა გამომძიებლების კანონიერი მოთხოვნები და ასევე, ხალხი ვინც მას ახლდა, ფიზიკურ წინააღმდეგობას სწევდა", - თქვა მან.

დასავლეთში უკრაინელებს მოუწოდებენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანა რუსული საფრთხის წინაშე დგას, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები გვერდზე გადადონ.

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100,000-მდე სამხედრო და შეიარაღება ჰყავს მობილოზებული. ვაშინგტონი და კიევი კი საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვი ქვეყანაში შეჭრას გეგმავს და ამისთვის საბაბს ეძებს.

XS
SM
MD
LG