ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გეშინოდეთ და უარესის მოლოდინში იყავით“-უკრაინაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთსა და დასავლელ პარნტიორებს შორის, უკრაინის თემაზე მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში, უკრაინის სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ტექსტში, რომელიც საიტებზე გამოჩნდა, ნათქვამი იყო: „გეშინოდეთ და უარესის მოლოდინში იყავით“.

პარალელურად, რუსეთმა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100,000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის გადაადგილების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. „ომის დაწყების ხმები, უკვე ხმამაღლა ისმის“,- ამბობს მაიკ კარპენტერი, ამერიკის ელჩი ეუთოში.

რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლოა, დაუზუსტებელი სამხედრო ქმედება განახორციელოს, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ ნატომ პირობა დადოს, რომ არასდროს მიიღებს უკრაინას და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პარასკევს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს ამერიკასთან მოლაპარაკებები განახლდება, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ უპასუხებს ვაშინგტონი კრემლის მოთხოვნებს.

პასუხი დღეს თეთრი სახლიდან გაისმა, თუმცა, არა რუსეთის მოთხოვნებზე, არამედ კიბერთავდასხმაზე, რომელიც დღეს უკრაინის მთავრობაზე განხორციელდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან. ინფორმაცია მიწოდებულია პრეზიდენტისთვისაც. ჩვენ კონტაქტი გვაქვს უკრაინულ მხარესთან და მათ უკვე შევთავაზეთ დახმარება. უკრაინელები ახლა მომხდარს იძიებენ და მის გავლენებს აფასებენ“,- ნათქვამია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ამერიკა“ უკრაინას დაეხმარება ყველაფრით, რაც საჭირო იქნება [სიტუაციის] დასტაბილურებისთვის“.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც.

„მკაცრად ვგმობ კიბერ თავდასხმას უკრაინის მთავრობაზე. ნატო წლებია, რაც უკრაინის მთავრობასთან ახლოს თანამშრომლობს, რათა მათი კიბერ უსაფრთხოება გაძლიერდეს. ნატოს კიბერ უსაფრთოხების ექსპერტები ბრიუსელში, მუდმივად ცვლიან ინფორმაციას გთავიანთ უკრაინელ კოლეგებთან ამ კონკრეტული კიბერ თავდახმის გამო“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაშია ნატოს წევრი ქვეყნების ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ადგილზე ეხმარება ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში. სტოლტენბერგის თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინა და ნატო კიბერ უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქვეყანას ონლაინ თავდაცვის გაძლიერებაში.

„ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინისა, ნატოს მხრიდან გაგრძელდება“,- თქვა იენს სტოლტებერგმა.

უკრაინული მხარე, რომელიც მომხდარს იძიებს, ამბობს, რომ კიბერ თავდახმის შედეგად, 70-მდე სამთავრობო ინტერნეტ საიტი დაზარალდა. მათ შორის, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამინისტროების გვერდებიც. უკრაინულ მხარეს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია რუსეთი, თუმცა მიანიშნეს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში, სწორედ რუსეთია.

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG