ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მოკავშირეები კონგრესში ჩვენების მისაცემად გამოიძახეს


შეერთებული შტატების საკონგრესო კომიტეტში, რომელიც კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმას იძიებს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები გამოიძახეს. მათ შორის არიან 2020 წლის საარჩევნო კომიტეტის მენეჯერი - უილიამ სტეპიენი, კამპანიის მენეჯერის აღმასრულებელი თანაშემწე - ანგელა მაკკალუმი, ტრამპის ადვოკატი - ჯონ ისტმენი, მცირე ხნით პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ ფლინი და ქ. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი - ბერნარდ კერიკი.

წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტში ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის სტრატეგიაზე მუშაობდნენ.

კომიტეტის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებთ ტრამპის ადვოკატის, ისტმენის ჩვენება, რომელიც 6 იანვარს თეთრ სახლთან შეკრებილ ტრამპის მხარდამჭერებს კონგრესის შენობისკენ წასვლისკენ მოუწოდებდა. ისტმენი ასევე ავტორია გეგმისა, რომლის მიხედვითაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ხელი უნდა შეეშალა კონგრესში სწორედ 6 იანვარს მიმდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესისთვის. პენსმა უარი განაცხადა ისტმენის რჩევის გათვალისწინებაზე.

დემოკრატებით დომინირებულ წარმომადგენელთა პალატაში შექმნილი კომიტეტი აცხადებს, რომ მოწმეების მიერ ჩვენების მიცემის განრიგის დაგეგმვა მათ 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე სურთ.

კონგრესზე მიტანილი მსხვერპლიანი თავდასხმის გამოძიების მიზნით, აქამდე 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. პანელმა დამატებით 25 ადამიანი გამოიძახა და ამ კვირაში კიდევ უფრო მეტის გამოძახებას აპირებს.

კონგრესში, დემოკრატების მიერ 6 იანვრის მოვლენების გამოძიების პარალელურად, დონალდ ტრამპმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა, ის უარს ამბობს კომიტეტის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების წარდგენაზე. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ინფორმაცია ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიის ქუდის ქვეშ ერთიანდება, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების დიდ ნაწილს გასაჯაროებისგან იცავს. თუმცა, იურისპრუდენციის ექსპერტების ნაწილი დაცვის ამ არგუმენტს არ ეთანხმება.

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო, ბრალი 670 ადამიანს აქვს წაყენებული. ტრამპის ათასობით მხარდამჭერის კაპიტოლიუმში შეჭრამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცესი დროებით ჩაშალა. 4 ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების შემდეგ ოთხმა პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ამერიკის მთავრობაზე მიტანილი ყველაზე სერიოზული იერიშია, რომელიც 1812 წლის ომის შემდეგ მომხდარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG