ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოს პოლიტიკური სისტემა გასაჭირშია" - ამერიკის ყოფილი ელჩები


“საქართველოს პოლიტიკური სისტემა გასაჭირშია, შეწყვიტეთ ერთმანეთის დემონიზება“, - ასე მიმართავენ საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს დასავლელი პარტნიორები. ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არჩევნებისა და ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მის დემოკრატიულ განვითარებასაც ემუქრება და საგარეო პოლიტიკურ იმიჯსაც. ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკვე უწოდა "არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ - აშკარა პოლიტიკური შურისძიება".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ მოატყუეს და მის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზეც საუბრობს. გლდანის საპატიმროს მცხოვრებთა გინება და შეურაცხმყოფელი შეძახილები მის გარეთ მყოფებსაც კარგად ესმით. საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა კვირაზე მეტი ხნის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიამაც, კოალიციური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა.

დასავლელ პარტნიორებს აქვთ იმედი, რომ მთავრობა იპოვის გამოსავალს სააკაშვილთან დაკავშირებით და დასავლეთის აღქმით, ეს არსობრივად, იქნება პოლიტიკური გამოსავალი. რადგან დასავლეთს სჯერა, რომ ის ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის,
- უილიამ კორტნი

ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი ძალადობისგან და უზრუნველყოს როგორც მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ისე - მისი უსაფრთხოება.

ამერიკის ყოფილი ელჩი კი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა არათუ სიტუაციის დეესკალაციისკენ იყო მიმართული, როგორც ეს სასურველი იქნებოდა, არამედ პირიქით, ვითარების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას უწყობდა ხელს. მან ამის შესახებ ფონდ "თავისუფალი რუსეთის" სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და "სასაზღვრო ზონის" დირექტორის ეგორ კუროპტევის მედია პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„როგორც ჩანს, მთავრობის მხრიდან არ არსებობს რაიმე მცდელობა სიტუაციის დეესკალაციისა და პირიქით, ყოველდღიური მათი რიტორიკაცა და ქმედებებიც მიუთითებს, რომ ისინი დაძაბულობის გამწვავებას ცდილობენ. ნებისმიერი განცხადების ან გამჭვირვალობის მცდელობის გარეშე სააკაშვილის გადაყვანა არა იმ დაწესებულებაში, სადაც ომბუდსმენი და კონსილიუმის წევრი ექიმები ითხოვდნენ, არამედ სხვა, ციხის დაწესებულებაში, იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უარყოფითი სიმბოლიზმით სავსე, მით უმეტეს 2012 წლის ციხის ცნობილი კადრების შემდეგ. ეს ჩანს, როგორც მისი დამცირების კიდევ ერთი გზა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ის თითქოსდა ჭამს, ომბუდსმენის თქმით კი, ის სამედიცინო მინერალებს იღებს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე", - განმარტავს იან კელი.

ყოფილი ელჩი, რომელიც დიპლომატიურ მისიას ქვეყანაში 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები პროვოკაციულია და მის პროდასავლურობასაც ეჭვქვეშ აყენებს.

"ეს წარმოშობს ძალიან ბევრ ეჭვს იმის შესახებ, თუ რა არის მთავრობის საბოლოო მიზანი და ჩემთვის ეს ისე ჩანს, რომ ბევრი მათი ქმედება არის პროვოკაციული იმისთვის, რომ გამოიწვიონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი რეაქცია, რომელსაც შემდეგ უფრო დიდი ძალისმიერი გზებით ჩაახშობენ. და ძალიან კეთილად, მსუბუქად რომ ვთქვა, ნამდვილად მიუღებელი რამაა ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ ჯგუფის ძალადობისკენ პროვოცირება", - ამბობს ყოფილი დიპლომატი.

იან კელი ამბობს, რომ დასავლეთი ძალიან შეშფოთებულია საქართველოს ბოლოდროინდელი ტრაექტორიით, მთავრობის ნაბიჯები კი აჩენს ეჭვებს საქართველოს დასავლეთის სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების თაობაზე. კელის თქმით, მაშინაც კი, როდესაც ამერიკის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისადმი უპირობოდ გაგრძელდება, ვაშინგტონში აუცილებლად დასვამენ კითხვებს, როცა მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს განიხილავენ. „ამ მთავრობამ ნამდვილად უნდა შემოაბრუნოს მოვლენები, რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ისინი დასავლეთს ზურგს აქცევენ“.

უილიამ კორტნი, ამერიკის ასევე ყოფილი ელჩი საქართველოში და კორპორაცია „რანდის“ მკვლევარი ამბობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული თემა კომპლექსურია და დასავლეთისთვის მის მიმართ წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს.

უილიამ კორტნი
უილიამ კორტნი

„დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ მის წინააღმდეგ ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია, მისი დაპატიმრება და მასთან ამგვარად მოქცევა კი არის არა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, არამედ, ასევე მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხიც. ვფიქრობ, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს აქვთ იმედი, რომ მთავრობა იპოვის გამოსავალს სააკაშვილთან დაკავშირებით. დასავლეთის აღქმით, ეს არსობრივად, იქნება პოლიტიკური გამოსავალი. რადგან დასავლეთს სჯერა, რომ ის ციხეში მის მიმართ ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგობის გამო ზის“, - ამბობს უილიამ კორტნი.

ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოში და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ მისი აზრით, სააკაშვილის გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო საქართველოში ისე, როგორც მან ეს გააკეთა, სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი იყო. ამან არჩევნები, რომელიც ადგილობრივ თემებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, კვლავ სააკაშვილი-ივანიშვილის მიერ დომინირებულ ვითარებად აქცია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას სახელმწიფო სათანადო პატივისცემით უნდა მოექცეს:

ამერიკის ყოფილი ელჩები სააკაშვილის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:10 0:00

„ის შიმშილობს და სრულად უნდა მიიღოს ის აუცილებელი სამედიცინო ყურადღება, რომელიც სჭირდება. ტრაგიკული იქნება, თუკი მის სიკვდილს დაუშვებენ, ისევე, როგორც ნავალნის შემთხვევაში იქნებოდა. სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ არის კონკრეტული ბრალი წაყენებული და ეს უნდა გავმიჯნოთ ჰუმანიტარული ასპექტისგან, რომელიც ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი ჯანმრთელობა შენარჩუნდეს“, - ამბობს იალოვიცი და დასძენს, რომ ქართული სასამართლოს სანდოობისა და მიუკერძოებლობის შესახებ კითხვების არსებობის პირობებში სხვაგვარი გამოსავლის მონახვაა საჭირო.

ყოფილი დიპლომატი მიუკერძოებელ მოსამართლეთა საერთაშორისო კოლეგიის შექმნის ვარიანტსაც განიხილავს, რათა ყოფილი პრეზიდენტის საქმე სამართლიანად და სათანადო პატივისცემით წარიმართოს.

კენეტ იალოვიცი
კენეტ იალოვიცი

„შესაძლოა ამ კოლეგიის საერთაშორისო მოსამართლეებით დაკომპლექტებაც კი, ერთგვარი ტრიბუნალის შექმნა, რომელიც შეძლებს მიუკერძოებლად განიხილოს სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები, ბრალდებები და გასცეს რეკომენდაციები. ცხადია, საბოლოოდ, ქართული სასამართლო სისტემის პრეროგატივაა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ სააკაშვილს აქვს სამართლიანი მოპყრობის, გათავისუფლებისა და პატივისცემის სათანადო ხარისხით მოპყრობის უფლება“, - მიიჩნევს იალოვიცი.

სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ არის კონკრეტული ბრალი წაყენებული და ეს უნდა გავმიჯნოთ ჰუმანიტარული ასპექტისგან, რომელიც ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი ჯანმრთელობა შენარჩუნდეს,
- კენეტ იალოვიცი

იალოვიცის მოსაზრებას იზიარებს იან კელიც და ამბობს, რომ მისთვის ბრალდებულის დასწრების გარეშე გამოტანილი განაჩენიც პრობლემურია და ფიქრობს, რომ სააკაშვილს მის პროცესზე დასწრების და თავის დაცვის საშუალება უნდა ჰქონოდა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს კელის აზრით, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს, თუნდაც საერთაშორისო კოლეგიის წინაშე წარდგომის უფლება აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან უკრაინული მხარისთვის სააკაშვილის გადაცემაც კი იყოს.

ვაშინგტონში სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბარი არ წყდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის საქმის, ისე ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონტექსტში. 31 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უდიდესი ყურადღება არჩევნების მეორე ტურების შედეგებისკენ იყო მიმართული, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩია. ამერიკის საელჩომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ნაჩქარევი დანიშვნა მალევე მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ პროცესი "არც სამართლიანი იყო და არც - გამჭვირვალე". დიპლომატიური მისიის განმარტებითაც, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე სასამართლო სისტემას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯსა და დასავლურ მისწრაფებებს არჩევნებთან დაკავშირებული, დღემდე მოუგვარებელი პრობლემებიც უქმნის საფრთხეს. კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ქვეყანას ბევრი წლის განმავლობაში ხედავდნენ, როგორც ლიდერსა და სამაგალითოს რეფორმების კუთხით, ეს იმიჯი კი ბოლო წლებში „გაფერმკრთალდა და შეილახა“. მაშინ კი, როდესაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით ყველაფერი რიგზეა, შეშფოთებას, სწორედ ამ ურთიერთობის პოლიტიკურ-დემოკრატიული ნაწილი იწვევს:

„ევროკავშირის, განსაკუთრებით კი, ნატოს წევრობისთვის სამხედრო კონტრიბუციასთან ერთად, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში წვლილის შეტანაა საჭირო. ვშიშობ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ლახავს საქართველოს იმიჯს სწორედ ამ, მეორე ნაწილში. განაგრძობს თუ არა საქართველო ღირებულებების მიმართულებით სვლას, ესაა არსებითი საკითხი და ესაა პრობლემა“, - ამბობს იალოვიცი.

არჩევნები კენჭისყრის დღემდე და დაუფასებელი მხარდაჭერა

ყოფილი ელჩი განმარტავს, რომ არჩევნების პროცესის შეფასება ქვეყანაში იმაზე მეტს ეფუძნება, ვიდრე მხოლოდ იმას, რაც კენჭისყრის დღეს ხდება. და თუკი არჩევნების დღე მეტ-ნაკლებად და ტექნიკურად ნორმალურადაა ჩატარებული, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე სხვა არაფერი ახდენდა გავლენას:

„ეუთოსაც და ამერიკის საელჩოსაც აქვს ძალიან მკაცრი კრიტიკა იმის შესახებ, რაც წინ უძღოდა არჩევნების დღეს: საჯარო მოხელეების დაშინება, მოქალაქეების იძულება, რომ კონკრეტული მხარისთვის მიეცათ ხმა, სამთავრობო დაწესებულებების გამოყენება „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდასაჭერად და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის, რაც არჩევნების დღეს ხმების დათვლისას არ ჩანს, მაგრამ პირდაპირ ახდენს გავლენას შედეგებზე. ეს ძალიან უსამართლო სიტუაციაა“, - ამბობს იალოვიცი.

უილიამ კორტნი კი განმარტავს, რომ პოლარიზაციის შემცირებისა და ვითარების გაუმჯობესების ნაცვლად, დასავლეთი ქვეყანაში მეტ რადიკალურ ნაბიჯს, დასავლურ მედიაციაზე უარის თქმას და იმედისგამაცრუებელ, შემაშფოთებელ ქმედებებს ხედავს.

„ჩვენ ვნახეთ კონგრესის წევრების განცხადებები, დიდი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის შესახებ, რომელიც ჩანდა, რომ წინ მიდიოდა, მაგრამ ახლა საპირისპირო მიმართულებით მიდის“, - ამბობს კორტნი.

უილიამ კორტნი განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული მხარის მიერ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევის არასათანადო დაფასებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს საქართველოს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. კითხვაზე, ზიანდება თუ არა ევროკავშირთან ურთიერთობა ქართული მხარის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობით, კორტნიმ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ სხვა, ევროპულ ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისგან განსხვავებული საქართველოს შემთხვევაში ისაა, რომ საქართველო ევროკავშირს „ცუდად მოექცა“.

ევროკავშირის და, განსაკუთრებით კი, ნატოს წევრობისთვის სამხედრო კონტრიბუციასთან ერთად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში წვლილის შეტანაა საჭირო. ვშიშობ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ლახავს საქართველოს იმიჯს სწორედ ამ, მეორე ნაწილში. განაგრძობს თუ არა საქართველო ღირებულებების მიმართულებით სვლას, ესაა არსებითი საკითხი და ესაა პრობლემა,
- კენეტ იალოვიცი.

„საქართველომ უარი თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პერსონალურ ძალისხმევაზე. ვფიქრობ, საერთაშორისო პერსპექტივიდან, საქართველოსთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებააა. ამის მნიშვნელობის გადაჭარბებაც კი შეუძლებელია“, - ამბობს კორტნი და განმარტავს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი პარტნიორია, რომლის განაწყენებაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება.

„პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იჩენს ხოლმე თავს, პოლიტიკა ხშირადაა წინააღმდეგობრივი და ეს არც საქართველოსთვისაა მოულოდნელი. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ევროკავშირს ცუდად მოექცა და ეს არაა ის, რასაც ბრიუსელში მსუბუქად მიიღებენ. ევროკავშირის ქვეყნებმა ბლოკში საქართველოს წევრობას მხარი ერთხმად უნდა დაუჭირონ. ზოგიერთი ეს ქვეყანა კი იმედგაცრუებული იქნება იმით, თუ როგორ მოექცა საქართველო ევროკავშირს. ეს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო კრიზისია", - განნარტავს კორტნი.

შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს კენეტ იალოვიციც. ის ამბობს, რომ ბრალი „ნაციონალური მოძრაობასაც“ მიუძღვის, მაგრამ მმართველი პარტიის როლი ოპოზიციის როლთან შედარებით, განსხვავებულია: „დიახ, შეგიძლიათ დაადანაშაულოთ „ნაციონალური მოძრაობაც“, ის არ არის იდეალური, მაგრამ პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აქ მმართველ პარტიას ეკისრება. მთავარი კი ისაა, რომ ქართული დემოკრატიისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ნათლად ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს. კი, ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე მაშინ იყო, როცა მე ელჩი ვიყავი, მაგრამ ყველა იმედოვნებდა, რომ ტრაექტორია წინმიმავალი და აღმავალი იქნებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ტრაქეტორია „გატყდა“, - ამბობს იალოვიცი და მხარეებს მოუწოდებს ერთმანეთის დემონიზებისგან თავი შეიკავონ, „საშინელი გაცხადებებისა და შეფასებების გაკეთება“ შეწყვიტონ, დასხდნენ და ქვეყნის მომავალზე იმსჯელონ

Facebook Forum

XS
SM
MD
LG