ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი- როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ საქართველო და უკრაინა მზად არიან გაწევრიანებისთვის, ეს ასეც მოხდება


„როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი [საქართველო და უკრაინა] მზად არიან გაწევრიანებისთვის, ეს ასეც მოხდება“,- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე, სტოლტენბერგი ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, გენერალურმა მდივანმა, რუსეთი და მისი აგრესიული ქმედებები დაასახელა. ნატოს პირველი პირი თვლის, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, არანაკლებ დამაზიანებელია, ამ ქვეყნის მეზობლებისთვის.

„რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების და საქართველოსა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის იქნებიან ისინი მზად, რომ გაერთიანდნენ [ნატოში] და არა რუსეთის, ან ვინმე სხვის".

„ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი პრინციპები და ღირებულებები ჩამოვაყალიბოთ და ეს ისაა, რომ ნებისმიერ სუვერენინტეტულ ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. თავად ის იდეა, რომ პატარა მეზობლების ნატოში შესვლა რუსეთის პროვოცირებაა, არის აბსოლუტურად არასწორი, თვითონ ამის თქმაა პროვოკაცია. სხვადასხვა კანონი, აქტი და შეთანხმება არსებობს იმის შესახებ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ პოლიტიკური ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების იმის მიხედვით დაგეგმვა, თუ რა ესიამოვნება რუსეთს, არის არასწორი გზა, რომელიც მსოფლიო წესრიგს წარსულში აბრუნებს.

„მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების გადასაწყვეტია ის, სურთ თუ არა მათ ნატოში გაერთიანება. როდესაც ქვეყნის ნატოში გაერთიანების საკითხი დგება, ეს მხოლოდ კონკრეტული ასპირანტი ქვეყნის და ნატოს წევრების გადასაწყვეტია და სხვისი არავისი. ის მესიჯი კი, რომ ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, თუ ჩეხეთის ნატოში გაერთიანება რუსეთისთვის პროვოკაცია იყო, გვაძლევს მაგალითს, რომ რუსეთს სურს ისეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც მას აქვს გავლენა, სადაც ჯერ არის რუსეთი და შემდეგ ის აკონტროლებს მეზობლებს.

"იმედი მაქვს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე გარკვეულ ამბიციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“.

მე არ მინდა ასეთ მსოფლიოში ცხოვრება. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ ასეთი სამყარო უკან ჩამოგვეტოვებინა. სიმართლე რომ გითხრათ, დასავლეთშიც არსებობს ის აზრი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და რუსეთი არ გავაღიზიანოთ, მაგრამ ამით ვამბობთ, რომ პატარა ქვეყნებს არ აქვთ უფლება, რომ აირჩიოთ საკუთარი გზა, რაც მათი სუვერენობის დარღვევაა“,- ამბობს სტოლტენბერგი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადებები საქართველოსა და უკრაინის კონტექტსში გააკეთა. 2008 წელს, ნატოს სამიტზე, წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მაშინ ორგანიზაცია ორივე ქვეყანას დაჰპირდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, „წევრობის სამოქმედო გეგმას“, ანუ მაპს მიანიჭებდა და ეს იქნებოდა მომდევნო ნაბიჯი ნატოს წევრობის გზაზე. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაპი და წევრობა კი კვლავ არ ჩანს ჰორიზონტზე არც საქართველოს და არც უკრაინის შემთხვევაში.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანება უახლოესი მომავლის პერსპექტივა არ არის, თუმცა აქვე ამბობს, რომ ნატომ, როგორც ორგანიზაციამ მეტი უნდა გააკეთოს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერისთვის.

"მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ არაფერსა და ნატოს სრულ წევრობას შორის, შუაში კიდევ უამრავი რამ არის, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ ბევრს ნატოში".

„რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების და საქართველოსა და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის იქნებიან ისინი მზად, რომ გაერთიანდნენ [ნატოში] და არა რუსეთის, ან ვინმე სხვის. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოდერნიზების, რეფორმების, ნატოს სტანდარტების შექმნის მცდელობას და როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი [საქართველო და უკრაინა] მზად არიან გაწევრიანებისთვის, ეს ასეც მოხდება. ვერ გეტყვით ზუსტად როდის იქნება ეს, მაგრამ ეს მხოლოდ ამ გზით მოხდება.

რა თქმა უნდა, მათი გაწევრიანება ხვალ არ მოხდება, ამიტომ ჩემი მესიჯი ნატოს წევრებისადმი და რაც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა განვიხილეთ არის ის, რომ ჩვენ მხარში უნდა დავუდგეთ ამ ასპირანტ ქვეყნებს და მეტი გავაკეთოთ მათთვის. იმიტომ, რომ ისინი არ არიან წევრი ქვეყნები და საჭიროა, რომ მეტი დახმარება გავუწიოთ, მეტი ტრენინგები ჩავუტაროთ, დავეხმაროთ რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მშნებელობაში.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ არაფერსა და ნატოს სრულ წევრობას შორის, შუაში კიდევ უამრავი რამ არის, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ ბევრს ნატოში და იმედი მაქვს, რომ ნატოს მომავალ სამიტზე გარკვეულ ამბიციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“,- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი ვაშინგტონში 4 ოქტომბერს ჩამოვიდა, რათა ამერიკის მთავრობის წევრებსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვედროდა.

XS
SM
MD
LG