ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობა ჰუმანიტარულ ჯგუფებს მიგრანტების შესახებ რეკომენდაციების გაცემას სთხოვს


ბაიდენის ადმინისტრაციამ, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ექვს ჰუმანიტარულ ჯგუფს სთხოვა გასცენ რეკომენდაციები, თუ რომელი მიგრანტები უნდა დაუშვან შეერთებულ შტატებში დასარჩენად ნაცვლად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული უფლებამოსილების საფუძველზე ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება არ მიეცეთ და ქვეყნიდან სწრაფად გააძევონ.

ეს ჯგუფები დაადგენენ, თუ მექსიკაში ყველაზე მოწყვლადი ვინ არის. მათი კრიტერიუმები გასაჯაროებული არ არის. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სამხრეთ საზღვარს დიდი რაოდენობით ადამიანი კვეთს და მთავრობაზე იზრდება წნეხი, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებზე დაფუძნებული უფლებამოსილება გაუქმდეს. ეს უფლებამოსილება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ძალაში დატოვა.

ამ ჯგუფების კონსორციუმის რამდენიმე წევრმა სააგენტო “ასოშიეიტედ პრესს” უამბო სისტემის კრიტერიუმების და დეტალების შესახებ, რაც დღემდე გამოქვეყნებული არ იყო. მთვრობა გეგმავს ქვეყანაში დღეში 250-მდე თავშესაფრის ის მაძიებელი შეუშვას, რომელსაც ეს ჯგუფები გაუწევენ რეკომენდაციას და თანახმაა, რომ ამ სისტემამ 31 ივლისამდე იარსებოს. კონსორციუმს იმედი აქვს, რომ ამის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესების საფუძველზე შემოღებულ წესებს გააუქმებს, თუმცა მთავრობას ასეთი ვალდებულება არ აუღია.

შერჩევის ახალი სისტემის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ორგანიზაციების მცირე რიცხვს ზედმეტად დიდი უფლებები ენიჭება და ეს ძალისხმევა საიდუმლო ვითარებაში ხორციელდება. არ არის ნათლად განმარტებული, თუ ეს ჯგუფები როგორ შეირჩა. კრიტიკოსები ასევე ამბობენ, არ არის გარანტიები, რომ თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება მიეცემა იმ მიგრანტებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან და ამას იმსახურებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG