ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი და ლუკაშენკო სოჭში შეხვედრას მართავენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერა აღუთქვა, მას შემდეგ რაც „რაინეარის“ თვითმფრინავის მინკსში დასმას და დისიდენტი ჟურნალისტის დაკავებას, ბრიუსელისგან სადამსჯელო ზომები მოჰყვა.

ლუკაშენკოს რეჟიმმა 23 მაისს ავიახაზებ "რაინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი დააკავა. მას ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტების ორგანიზებაში ედება, რაც 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დააკავეს მისი თანმხლები, 23 წლის რუსი სტუდენტიც.

სოჭში შეხვედრისას, პუტინი დაეთანხმა ლუკაშენკოს, რომ დასავლეთის რეაქცია „ემოციური მღელვარება“ იყო.

„როცა მათ ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი აიძულეს დაშვებულიყო და ის თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს, არაფერი არ მომხდარა, სიჩუმე“, - თქვა პუტინმა. ის 2014 წელს ევო მორალესის თვითმფრინავის შესახებ საუბრობდა, როცა ის ავსტრიაში დასვეს ეჭვის გამო, რომ ბორტზე, შეერთებული შტატების მიერ ძებნილი, საიდუმლო ინფორმაციის გამცემი, ედვარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

დასავლეთმა ბელარუსს მეკობრეობასა და სახელმწიფო გატაცებაში დასდო ბრალი. ბრიუსელმა, ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის თავის არიდების რეკომენდაცია გასცა და განიხილავს სანქციების ახალ წყებას. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ. აკრძალა ფრენები ბელარუსის თავზე და სახელმწიფო კომპანია „ბელავიას“ აუკრძალა მათი აეროპორტებით სარგებლობა.

ლუკაშენკომ პუტინს განუცხადა, რომ ის „რაინეარის“ ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ლიდერს ინფორმაციას მიაწვდის“. „ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ჩვენ პრობლემებს გვიქმნის. თქვენ მათზე იცით, ინფორმაციას მოგაწვდით“, - უთხრა ლუკაშენკომ პუტინს. „დოკუმენტები მოვიტანე, რათა გაიგოთ თუ რა ხდება“, - განმარტა მან.

რუსეთმა, ლუკაშენკოს ახლო მოკავშირემ, მინსკს დახმარება აღუთქვა „რაინეარის“ ინციდენტის შემდეგ და უარყო სპეკულაციები მისი როლის შესახებ. მოსკოვმა, დასავლეთის რეაქცია მომხდარზე შეაფასა, როგორც „შოკისმომგვრელი". საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთს ბრალი დასდო მინსკის ხელისუფლების „დემონიზებაში“.

რუსეთი და ბელარუსი ფორმალურად „მოკავშირე სახელმწიფოს“ შეადგენენ და წლებია საუბრობენ ორი ქვეყნის უფრო ახლო ინტეგრაციაზე. პუტინმა ლუკაშენკოს შეხვედრისას უთხრა, რომ ისინი გააგრძელებენ ეტაპობრივად და ნელი ტემპით ამ კავშირის განმტკიცებას.

ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, გასული წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლების წინაშეა. საპროტესტო ტალღის ჩახშობაში მას მოსკოვი დაეხმარა.

ხელისუფლების მტკიცებით, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 80 %-მა მხარი ლუკაშენკოს დაუჭირა და მან მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი და დასავლური სახელმწიფოები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ხელისუფლებამ უკვე გაავრცელა დაკავებული 26 წლის ბლოგერისა და აქტივისტის აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებს ორგანიზებას უწევდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG