ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს


ევროკომისიამ "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ სამართალწარმოებაზე მუშაობა დაიწყო. წყაროს ცნობით, ამის მიზეზია კოვიდ-19-ის ვაქცინის მწარმოებლის მიერ, ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდების შეწყვეტა.

ეს ევროკავშირის მხრიდან, ბრიტანულ-შვედურ კომპანიასთან კავშირის გაწყვეტისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ ბლოკისთვის მარაგის მიწოდების შეჩერების გამო, ევროპაში ვაქცინის გავრცელება მნიშვნელოვნად შეფერხდა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ორ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხი ოთხშაბათს ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე განიხილეს. ბლოკის წევრმა სახელმწიფოებმა, კომპანიის წინააღმდეგ იურიდიული ზომების მიღებას მხარი დაუჭირეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ კომპანიასთან ადრე დადებული შეთანხმებით განსაზღვრული დოზების მიწოდება. წევრ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს მოხდეს“ - ნათქვამია ევროკომისიის პრესსპიკერის წერილობით განცხადებაში.

მოგვიანებით, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სამართალწარმოების დწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

თავისმხრივ, „ასტრაზენეკას" პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ კომპანია რაიმე სახის სამართლებრივი დავის წამოწყების შესახებ ინფორმირებული არ არის.

ოფიციალური ბრიუსელი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომპანიის მიერ 224 მილიონის ევროს ოდენობის გრანტის ხარჯვას. ევროკავშირმა ეს გრანტი კომპანიას გასული წლის სექტემბერში გამოუყო, ახლა კი ბლოკი აცხადებს, რომ "ასტრაზენეკას" თანხის გახარჯვის შესახებ დოკუმენტები არ წარუდგენია.

კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ბლოკის მიმართ იღებდა პასუხისმგებლობს, რომ „საუკეთესო გონივრულ ძალისხმევას“ გაწევდა, რათა ევროკავშირისთვის დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით, ჯამში ვაქცინის 300 მილიონი დოზა მიეწოდებინა. აქედან "ასტრაზენეკამ" 180 მილონი დოზის მიწოდების პირობა მეორე კვარტალში დადო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG