ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს


შეერთებული შტატების დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გეგმამ, შეიძლება ისეთ ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა ალ-ყაიდა და “ისლამური სახელმწიფო”, მისცეს შანსი აღიდგინონ შეერთებულ შტატებზე თავდასხმისთვის საჭირო შესაძლებლობები.

როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, დაასრულოს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი, იმავე დღეს გაჟღერდა მათი გაფრთხილება. დაზვერვის მაღალჩინოსანთა მოსაზრება, რომელიც ავღანეთიდან დაახლოებით 2500-დან 3500-მდე ამერიკელი ჯარისკაცის და ათასობით ინსტრუქტორის და კონტრაქტორის გამოყვანას გულისხმობს, ბევრი ახლანდელი და ყოფილი ამერიკელი თანამდებობის პირის ღრმად გამჯდარ და გამოთქმულ შეშფოთებას ეხმაურება.

ეს კიდევ უფრო გაძლიერებს ჯარის გამოყვანის კრიტიკოსებს. ისინი სავარაუდოდ გამოიყენებენ არსებულ შიშს იმის თაობაზე, რომ თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების და გატარებული სამუშაოების მიუხედავად, ისეთი პირობები, რომელმაც ავღანეთი ტერორისტებისთვის სამოთხედ აქცია, შესაძლოა მალევე დაბრუნდეს.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ახლადდანიშნულმა დირექტორმა ბილ ბარნსმა კანონმდებლებს ოთხშაბათს უთხრა: “არსებობს მნიშვნელოვანი რისკი, რომ ამერიკული და კოალიციის ჯარების გამოყვანასთან ერთად, შესუსტდება შეერთებული შტატების უნარი შეაგროვოს [სადაზვერვო ინფორმაცია] და საფრთხის შესაბამისად იმოქმედოს. ეს უბრალოდ ფაქტია". მან ასევე თქვა, რომ ალ-ყაიდა და “ისლამური სახელმწიფო” ავღანეთში“იტოვებენ განზრახვას აღიდგინონ საკუთარი შესაძლებლობები რათა თავს დაესხან შეერთებული შტატების სამიზნეებს როგორც რეგიონში, ისე დასავლეთში ან საბოლოოდ თვით აშშ-ის ტერიტორიაზე.”

თუმცა, ამ დაუფარავ გაფრთხილებას კანონმდებლებისადმი მოწოდებაც ახლდა, რომ მათ “შორსმჭვრეტელობა” გამოიჩინონ. ბარნსმა თქვა, იმისდა მიუხედავად, თუ ალ-ყაიდას და “ისლამურ სახელმწიფოს” რამდენად სურთ თავს დაესხან შეერთებულ შტატებს, “სინამდვილე ის არის, რომ დღეს არცერთ მათგანს ამის უნარი არ გააჩნია.”

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ავღანეთიდან მომდინარე საფრთხე გადაჩრდილა საფრთხეებმა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩინეთი, რომელსაც მან “შეუდარებელი პრიორიტეტი” უწოდა და ასევე - რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG