ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი - ჯო ბაიდენი


„დროა დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი, დროა ამერიკული ჯარი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდეს“. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ, ერისადმი მიმართვაში თქვა, რომ ამერიკული ჯარი ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებს. ეს განცხადება ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა თეთრი სახლის იმავე ოთახიდან გააკეთა, საიდანაც 2001 წლის 7 ოქტომბერს, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა ამერიკელ ხალხს მიმართა და ომის დაწყების შესახებ ამცნო.


„ჩვენ ვერ გავახანგრძლივებთ ჩვენი სამხედროების ყოფნას ავღანეთში, ვერ გავაგრძელებთ ამ ციკლს იმის იმედით, რომ შევქმნით იდეალურ პირობებს ჩვენი ჯარების გამოყვანისთვის. მე ახლა მეოთხე ამერიკის პრეზიდენტი ვარ, რომლის დროსაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთში იმყოფებიან: ორი რესპუბლიკელი ორი დემოკრატი. ახლა დროა ჩვენი სამხედროები სახლებში დაბრუნდნენ.

ამერიკული ჯარები, ისევე როგორც ნატოს - ჩვენი მოკავშირეების ძალები - ავღანეთს დატოვებენ მანამ, სანამ ჩვენ 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავს შევხვდებით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტერორიზმის საფრთხეს ყურადღებით არ მივადევნებთ თვალს. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ... ჩემი მითითებით, ჩემი გუნდი მუშაობს ეროვნულ სტრატეგიაზე, რათა მონიტორინგი გავუწიოთ მნიშვნელოვან საფრთხეებს. სადაც არ უნდა იყოს ის იქნება ეს აფრიკა, ევროპა თუ ახლო აღმოსავლეთი,“- აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლის მიხედვით, ვაშინგტონი ზუსტად 20 წელში დაასრულებს ამერიკის ყველაზე გაჭიანურებულ ომს ავღანეთში. მას ბიძგი 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტებმა მისცა, რომელიც ალ-ყაიდას მიერ იყო ორგანიზებული.

თუმცა, ჯარების გაყვანა მთელ რიგ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება ფორმალურ ხასიათს ვერ მიიღებს, - აღნიშნავენ ოფიციალური წყაროები, რომელთაც ეს ინფორმაცია ორი დღით ადრე მიაწოდეს სააგენტო "როიტერს", მაგრამ თვითონ ანონიმურად დარჩენა არჩიეს.

ბაიდენის საჯარო განცხადებამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამის თაობაზე ნატოს პარტნიორებს ესაუბრა. ის ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრებს ესწრება. ბლინკენის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში მყოფი უცხოეთის ჯარებიც ქვეყანას სექტემბერში დატოვებენ. საუბარია 7 000 სამხედროზე, რომლებიც ავღანეთში მოქმედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიაში მსახურობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG