ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: შესაძლოა ამერიკული ჯარი ავღანეთიდან დათქმულ დროს ვერ გამოვიდეს


პრეზიდენტმა ბაიდენმა ხუთშაბათს აღიარა, რომ შესაძლოა დაახლოებით 2500 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში 1 მაისის შემდეგაც დარჩეს. 1 მაისი დათქმული დროა, როდესაც თალიბანთან ერთი წლის წინ დადებული შეთანხმების თანახმად, ამერიკულმა ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვოს.

პრეზიდენტის რანგში თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა: “დათქმული დღისთვის, 1 მაისისთვის, შეთანხმების შესრულება ძნელი იქნება.”

შესაძლო დაყოვნების მიზეზად ბაიდენმა “ტაქტიკური მიზეზები” მოიყვანა, მაგრამ თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დათქმულ დროში გამოსვლა რომ არ მოახდინოს კიდეც, მას მომავალი წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკული ჯარების ყოფნა ვერ წარმოუდგენია.

მან თქვა: “ვერ წარმომიდგენია, რომ ასე მოხდეს. იქ დიდი ხნით გაჩერება ჩემს გეგმებში არ შედის.”

ბაიდენმა ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის 2020 წლის თებერვალში დადებული შეთანხმების გადახედვა თანამდებობის დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგვე წამოიწყო. გადახედვა ჯერ ფორმალურად დასრულებული არ არის, მაგრამ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმა უკვე დასვა კითხვები იმაზე, თუ თალიბანმა შეთანხმების თავისი ვალდებულებები შეასრულა, თუ არა.

ხუთშაბათს, გენერალმა რიჩარდ კლარკმა, შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების ძალების მეთაურმა კანონმდებლებს უთხრა, რომ თალიბანმა ძალადობის შემცირებაზე საკუთარი დაპირება აშკარად არ შეასრულა და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ძალადობა მიზანმიმართულად გაზარდა.

სხვა ოფიციალურ პირებსაც ჰქონდათ მსგავსი კითხვები თალიბანის მზადყოფნის შესახებ, რომ ავღანეთი აღარ გახდეს ისეთი ჯგუფების სამოქმედო ბაზა, როგორიცაა ალ-ყაიდა. ბევრმა მიანიშნა იმის მტკიცებულებებზე, რომ თალიბანის ხელმძღვანელობას ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირები არ გაუწყვეტია.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მხრიდან, ამ შეთანხმების მიმართ საჯაროდ გამოთქმული უნდობლობის მიუხედავად, თალიბანის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ვაშინგტონმა ეს შეთანხმება უპირობოდ შეასრულოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG