ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“


ვაქცინაციის რიგი კალიფორნიაში, "დისნეილენდის" მანქანების სადგომზე მოწყობილ ცენტრში. აშშ.
ვაქცინაციის რიგი კალიფორნიაში, "დისნეილენდის" მანქანების სადგომზე მოწყობილ ცენტრში. აშშ.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, რომლის ავტორები ამერიკელი მეცნიერები არიან, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა კორონავირუსის რამდენიმე, შედარებით ახალ ვარიაციასაც ანეიტრალებს. ექსპერიმენტის ძირითადი ნაწილის ფოკუსში იყო პირველად ბრაზილიაში ნაპოვნი ვარიაცია, რომელიც P.1 სახელითაა ცნობილი.

კვლევა, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ჩატარდა, „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში“ (The New England Journal of Medicine) ორშაბათს გამოქვეყნდა. მასში ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, „ფაიზერის“ ამერიკელი და „ბიონტექის“ გერმანელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.

ამერიკული კომპანია „ფაიზერის“ და გერმანული „ბიონტექის“ მიერ წარმოებულმა კოვიდ-19-ის ერთობლივმა ვაქცინამ, ბრაზილიაში ნაპოვნი P.1 ვარიაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ამ ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ბრაზილიაში კორონავირუსი დღეს განსაკუთრებით მძვინვარებს. ოთხშაბათს, მარტო ერთ დღეში, იქ 2 286 ადამიანი გარდაიცვალა.

სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში კოვიდ-19-ის დაავადება ძირითადად P.1 ვარიაციითაა გამოწვეული. ეს ვარიანტი მეცნიერებმა გასული წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ის 1.4-2.4-ჯერ უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის პირველადი ვარიანტები. ამას გარდა, ბრაზილიაში ნაპოვნი ვარიაცია ხშირი რეინფიცირების მაჩვენებლითაც გამოირჩევა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის მონაცემებით, ბრაზილიაზე მოდის მსოფლიოში დაფიქსირებული 118 მილიონი შემთხვევიდან 11.2 მილიონზე მეტი. ინფიცირების მონაცემებით, ბრაზილია შეერთებული შტატების და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა. რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ნახევარ მილიონზე მეტი სიკვდილობით, ის ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.

კვლევა ტეხასის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარდა. შედეგების მიხედვით, აცრილი ადამიანების სისხლმა ეფექტურად გაანეიტრალა P.1 ვარიაციის მუტაციები, მისთვის დამახასიათებელი ცილის წაწვეტებებით, ე.წ. სპაიკ-პროტეინებით. ცნობილია, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში ამ წაწვეტებების საშუალებით ხვდება და შესაბამისად, ბევრი კოვიდ-19-ის ვაქცინის სამიზნეც, ცილის სწორედ ეს წაწვეტებებია.

ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ გამანეიტრალებელი უნარები, რომლებიც მათ ექსპერიმენტის დროს დააფიქსირეს, თითქმის ეკვივალენტურია „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის იმ ეფექტის, რომელიც მას გასულ წელს, კორონავირუსის ნაკლებად გადამდებ ვერსიაზე ჰქონდა.

კვლევაში ბრიტანეთში აღმოჩენილი B.1.1.7 ვარიაციაც შეამოწმეს. ვაქცინამ ამ შემთხვევაშიც ძლიერი გამანეიტრალებელი უნარები აჩვენა. თუმცა, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულმა კვლევებმა უკვე დაადასტურა, რომ „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა ბრიტანეთში აღმოჩენილ ვარიანტზე ეფექტურად მოქმედებს.

ეს უკანასკნელი ვარიაცია არამარტო გავრცელების, არამედ სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლებითაც გამოირჩევა. ოთხშაბათს, "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბრიტანეთში აღმოჩენილი, კორონავირუსის B.1.1.7 ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანს, სიკვდილის 30-დან 100-მდე პროცენტით მეტი შანსი აქვს. ამ შანსების საშუალო მაჩვენებელი 64%-ს უტოლდება.

ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ასევე შემოწმდა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი, კორონავირუსის B.1.351 ვარიაცია. „ფაიზერი“ თავიდანვე აცხადებდა, რომ დიდი ალბათობით, მათი ვაქცინა ადამიანებს ამ ვარიაციისგანაც დაიცავდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, კომპანია პარალელურად აგრძელებს მუშაობას ვაქცინის დამატებით დოზაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმის იმუნურ რეაქციას კონკრეტულად ამ ვარიაციის წინააღმდეგ გააძლიერებს.

დღეისთვის, ყველაზე მეტ შეშფოთებას სწორედ ეს ვარიაცია იწვევს, რადგან არსებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკულ ვარიაციას აქვს უნარი ვაქცინების ეფექტურობა შეამციროს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში ვაქცინის გამანეიტრალებელი ეფექტი იყო „ძლიერი, თუმცა - შედარებით დაბალი“.

საბოლოო ჯამში, მეცნიერები ნაშრომთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს ყოველივე ვაქცინის მოქმედების ბრწყინვალე შედეგებს ადასტურებს. „იმის მიუხედავად, რომ [ვაქცინის] აქტივობა სამხრეთ აფრიკიდან წამოსული B.1.351 შტამის მიმართ შემცირდა, შედეგები მაინც შთამბეჭდავია“ - დაწერა „ტვიტერზე“ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა კარლ ბერგსტრომმა, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა.

რაც შეეხება კვლევის ლიმიტებს, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მათი ნაშრომი ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგებია და აუცილებლად უნდა გადამოწმდეს რეალურ ცხოვრებაშიც. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, ახალმა მუტაციებმა ვაქცინის გამანეიტრალებელი უნარები შეზღუდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG