ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ბრუნდებიან, ამერიკაში, ბავშვები სკოლაში


ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარტის თვიდან, ყველა შტატში სკოლების გახსნა დაიწყო. ქვეყანაში სკოლების გახნის ინდივიდუალური გეგმები არსებობს შტატებისთვის. გადაწყვეტილებას იმაზე, თუ როდის, როგორ და რა მასშტაბით უნდა გაიხსნას სკოლები, შტატების გუბერნატორები ადგილობივ საგანმანათლებლო დეპარტამენტებთან ერთად იღებენ.

დაბრუნების გეგმა

„Education week” ონლაინ პორტალია, რომელიც, ამერიკაში, სკოლების გახსნის შესახებ მონაცემებს აგროვებს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა შტატში სრულად, ან ნაწილობრივ სკოლები გახსნილია. შტატების უმეტესობა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი სკოლა გაიხსნას ფიზიკურად სტუდენტებისთვის, თუმცა, ონლაინ სწავლების ვარიანტი, კვლავ, ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სკოლები, ამერიკაში, 2020 წლის მარტში დაიხურა და სრულად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ერთი წლის შემდეგ კი მათი უმრავლესობა ისევ, უბრუნდება საკლასო ოთახებს. ყველა შტატს განსხვავებული გეგმა აქვს. მაგალითად, ვირჯინიაში, ჰიბრიდული სწავლება აირჩიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოსწავლეები, ვისაც სკოლაში დაბრუნება სურს, გაკვეთილებს შენობაში კვირაში ორჯერ დაესწრებიან, დანარჩენი სამი დღე კი, კვლავ, ონლაინ იმეცადინებენ.

მსგავსი არჩევანი ჰქონდა, ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში მცხოვრებ მოსახლეობასაც. სკოლაში წასვლის სურვილი, დაახლოებით, 15,000-მა სტუდენტმა გამოთქვა. ქალაქის მოსწავლეების, დაახლოებით 80% კი, კვლავ ონლაინ სწავლებას გააგრძელებს.

სკოლების გახსნა და ბავშვების დაბრუნება, ინდივიდუალური შტატის და ამ შტატში შემავალი ქალაქების განათლების ბიუჯეტზეცაა დამოკიდებული. ახლა, ბავშვების სკოლაში დაბრუნება დამატებით უსაფთხოების ზომებს და შესაბამის, დამატებით ხარჯებსაც ნიშნავს.

მაგალითად, ვირჯინიის შტატის, ქალაქ არლინგტონის საჯარო სკოლების განყოფილების წლიურიბიუჯეტი, წელს, 670 მილიონ დოლარს შეადგენს. მათ მზადება და ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლის ვარიანტებზე მუშაობა, პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დაიწყეს. მშობლებს ეგზავნებოდათ კითხვარები, სადაც არჩევდნენ სწავლების რომელი ფორმა ერჩივნათ სრულად ონლაინ, თუ ჰიბრიდული.

ამის შემდეგ შეიქმნა ბაზა, მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და ქალაქის სკოლებს უკვე ჰქონდათ წარმოდგენა, დაახლოებით, რამდენი ბავშვი აპირებდა სკოლაში სიარულს პანდემიის დროს და რამდენს სახლში დარჩენა ერჩივნა.

სკოლაში დაბრუნების მოახლოებასთან ერთად, მშობლებს მათ იმეილზე, ისევე, როგორც სტუდენტებისთვის შექმნილ, ონლაინ პლატფორმაზე, ეგზავნებოდათ ინფორმაცია, შტატის ბოლო გადაწყვეტილებებისა და დაბრუნების გეგმის შესახებ.

სკოლების გახსნა, ვირჯინიაში, რამდენჯერმე გადაიდო და ამის შესახებ ინფორმაცია, მუდმივად ეგზავნებოდათ მშობლებს. იანვარში მასწავლებლების აქტიური ვაქცინაციაც დაიწყო და ნელ-ნელა დაბრუნების საბოლო თარიღზე საუბარიც შესაძლებელი გახდა.

ვაქცინაცია

სკოლების გახსნამდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებლების ვაქცინაცია იყო. ამერიკაში, შტატების უმეტესობაში, მასწავლებლების ვაქცინაცია პრიორიტეტია და მათ ვაქცინის დოზები პირველივე ტალღის დროს, ექიმების, შემდეგ მიიღეს. თუმცა, არიან ისეთი შტატებიც, სადაც მასწავლებლების ვაქცინაციას პრიორიტეტს არ ანიჭებენ.

მაგალითად, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის, მონაცემების მიხედვით, არიზონასა და კალიფორნიის შტატებში, მასწავლებლები პრიორიტეტულ ჯგუფში არიან მოქცეული, თუმცა, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები გახსნილია, მასწავლებლები, პრიორიტეტულ ჯგუფში ვერ ხვდებიან.

პედაგოგების და სკოლის თანამშრომლების ვაქცინაცია, ნებაყოფლობითია და მასწავლებლების სკოლაში დასაბრუნებლად სავალდებულო არ არის.

პრობლემაა ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი მასწავლებელია სულ აცრილი ქვეყნის მასშტაბით, ჯერ არ არსებობს.

სხვადასხვა ოლქის, ზოგიერთი სააგენტო ამბობს, რომ პირადი ინფორმაციის გაუცემლობის პირობა, არ აძლევთ მათ იმის საშუალებას თქვან, რამდენი მასწავლებელია აცრილი. ზოგი კი, უბრალოდ არ ეკითხება პაციენტებს სად მუშაობენ, ან რა პროფესიის არიან.

მაგალითად, ორეგონში, სადაც მასწავლებელის აცრა პრიორიტეტადაა გამოცხადებული და მოსწავლეების ნაწილი სკოლაში დაბრუნდა, არ იციან, ზუსტად რამდენი მასწავლებელია აცრილი. შტატი არ ინახავს ინფორმაციას პაციენტების პროფესიის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მასწავლებლების ნაწილი, სიამოვნებით უზიარებს ინფორმაციას თავისი ვაქცინაციის შესახებ მისი მოსწავლეების მშობლებს. შესაბამისად, ინდივიდუალურ დონეზე, მშობლებმა იციან, მათი შვილების მასწავლებელი აცრილი არის თუ არა.

მოსწავლეების უსაფრთხოება და ტრანსპორტირება

ბავშვების ნაწილი სკოლაში დაბრუნდა, თუმცა ეს აღარ არის ის სკოლა, რომელიც მათ ერთი წლის წინ დატოვეს. ახალი წესების მიხედვით, მოსწავლეებს პირბადე უნდა ეკეთოთ ავტობუსში, გაკვეთილების დროს, შესვენებაზე და მაშინაც, როდესაც ეზოში სათამაშოდ გავლენ.

ავტობუსები, რომლებიც ბავშვებს ემსახურებიან, ახლა 72-ის ნაცვლად, ერთდროულად მხოლოდ 11 ბავშვს წაიყვანს სკოლაში. ბავშვები ავტობუსში ერთი სკამის გამოტოვებით სხდებიან და ერთმანეთისგან სპეციალური, პლასტმასის გამჭვირვალე ფირფიტა ჰყოფთ.

ავტობუსში ასვლამდე, მოსწავლეებს, მშობლების თვალწინ, ასისტენტი სიცხეს უზომავს და მხოლოდ ასე უშვებს ბავშვს ტრანსპორტში. ასევე, ავტობუსის მოსვლამდე, მშობელი ვალდებულია შეავსოს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ანკეტა და სადაც კითხვებს შორისაა, მაგალითად: ხომ არ ჰქონია ბავშვს, ან მის ოჯახის წევრს ბოლო 10 დღის მანძილზე კონტაქტი კორონავირუსის დიაგნოზიან ადამიანთან, ან აქვს თუ არა სიცხე, ახველებს თუ არა, ბოლო 10 დღის მანძილზე გაუკეთებია თუ არა კოვიდ ტესტი და ა.შ. ამ ანკეტების შევსება სავალდებულოა და მის გარეშე მოსწავლე სკოლაში არ დაიშვება.

მშობლებს, ასევე არჩევანი ჰქონდათ, გადაეწყვიტათ, როგორ სურდათ, რომ მათ შვილს სკოლაში ევლო- ავტობუსით, ფეხით, თუ მშობლის, ან მეურვის მანქანით. ამ არჩევანის შესაბამისად, სკოლის წინ, ზონებადაა დაყოფილი ტერიტორია და მოსწავლეები და მასწავლებლები ისე შედიან სკოლაში, რომ ერთმანეთისგან 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვან.

დისტანციის დაცვა აუცილებელია გაკვეთილებისა და ეზოში თამაშის დროსაც. სკოლაში გამორთულია წყლის დასალევი შადრევნები და აკრძალულია ადგილზე საჭმლის ბავშეებისთვის მიყიდვა. საკვები და სასმელი მოსწავლეებმა თან უნდა ატარონ. ასევე, ვირუსის გადადების რისკის შესამცირებლად, ბავშვებმა თან უნდა ატარონ სკოლის ნივთები, რომლებიც ადრე საკლასო ოთახში, მათ კარადაში ინახებოდა.

ამერიკის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“, ბოლო კვლევების მიხედვით, სკოლაში, ვირუსის გადადების ძალიან დაბალი მაჩვენებლია. კვლევამ, რომელიც გასულ შემოდგომას, ჩრდილოეთ კაროლინის სკოლებში ჩატარდა აჩვენა, რომ ვირუსის გადადების მაჩვენებლი უკიდურესად დაბალი იყო. გადადების შემთხვევების უმეტესობა კი დიდებს შორის იყო და არა ბავშვებს შორის.

ამ დროისთვის, ამერიკაში, დაახლოებით, 72 მილიონი ადამიანია აცრილი. მოსახლეობის, დაახლოებით 14%-მა უკვე მიიღო ვაქცინის დოზა. ყოველდღიურად სახელმწიფოში, სადაც უკვე სამი ვაქცინაა დამტკიცებული, 1.6 მილიონ დოზა ვაქცინას უკეთებენ მოსახლეობას. წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, თუმცა მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად, სკოლების გახსნა უფრო მარტივი და მისაღები ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG