ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციელების მინიმუმ ერთი მებრძოლი მოკლა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის მიერ მხარდაჭერილ მილიციაზე საჰაერო შეტევა მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ სირიაში გარდაცვლილია მინიმუმ ერთი და დაჭრილია რამდენიმე მებრძოლი. ვაშინგტონის თქმით, ხუთშაბათს განხორციელებული შეტევა იყო პასუხი მანამდე ერაყში ამერიკელების წინააღმდეგ მიტანილ სარაკეტო შეტევებზე.

ეს პირველი სამხედრო დარტყმაა, რომელიც ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში განხორციელდა. ის მიზანმიმართულად შეზღუდული იყო იმის საჩვენებლად, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მკაცრად იმოქმედებს, თუმცა სურს, რომ რეგიონში სიტუაციის ესკალაციას მოერიდოს, აცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები.

ვაშინგტონი და თეირანი მაქსიმალურ ბერკეტებს იყენებენ იმისთვის, რომ 2015 წელს მიღებული ირანის ბირთვული შეთანხმების ფორმატში დაბრუნდნენ. 2018 წელს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ეს შეთანხმება დატოვა. ამის შემდეგ რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა და გაჩნდა შიში, ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თაობაზე.

ამერიკის საჰაერო შეტევის სამიზნე სირია-ერაყის საზღვარზე, მილიციის ადგილსამყოფელი იყო, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები აკონტროლებენ იარაღის, პერსონალისა და საქონლის გადატანა-გადმოტანას. ერაყის მილიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს განხორციელებული შეტევის შედეგად, გარდაცვლილია ერთი მებრძოლი, ხოლო დაჭრილია ოთხი.

ადგილობრივმა წყაროებმა და ერთმა მედია საშუალებამ, აღმოსავლეთ სირიიდან სააგენტო „როიტერს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია, მინიმუმ 17 ადამიანი. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ამ დრომდე დადასტურებული არ არის.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ერაყში, ანტი-ამერიკული შეტევები განხორციელდა. მათ შორის ირბილის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული შეტევა ყველაზე სერიოზული ინცინდენტი იყო, რომლის დროსაც იქ განლაგებული ამერიკის სამხედრო ნაწილების კონტრაქტორი გარდაიცვალა. ამის შემდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ამერიკის სამხედრო ბაზაზე ბაღდადში, ამერიკის საელჩოს მახლობლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG