ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - აქცია თბილისში


"მსვლელობა თავისუფლებისთვის"
"მსვლელობა თავისუფლებისთვის"

თბილისში, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გასაპროტესტებლად, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული "თავისუფლების მსვლელობა" გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო მიმართვა გაავრცელეს.

მიმართვაში საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და ნიკა მელიას გათავისუფლებაზე.

"ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებაშია ასახული. ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება" - ნათქვამია "ლელოს", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართვაში.

ოპოზიციური ერთობა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ მწვავე კრიტიკასაც ეხმიანება და საქართველოს მეგობრებს მადლობას უხდის.

"დღეს ჩვენ ვხედავთ თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავს "ქართული ოცნების" თავზე. ივანიშვილის რეჟიმის ამ მასშტაბის და ასეთი მკაფიო შეფასებები დასავლეთიდან აქამდე არ მოგვისმენია. მადლობა საქართველოს მეგობრებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერისთვის" - მიმართვა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ წაიკითხა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ, დემონსტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, მოგვიანებით კი უკან, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2 მარტს, ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს. შემდეგ კი, 5 მარტს - მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება; 9 მარტს - საპროტესტო აქცია შსს-თან; 11 მარტს - სასამართლოსთან და 13 მარტს - კვლავ პარლამენტთან. ოპოზიციის გეგმების შესახებ "ერთიანი ნახიონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

"პარლამენტის შენობის პიკეტირებას ვგეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს ვერცერთი გავრილოვის მსახური" - განაცხადა დეკანოიძემ.

23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ თუკი ნიკა მელია გირაოს თანხას გადაიხდის, პროკურატურა მზად არის სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

„ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 3 ნოემბრის განჩნებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და ამისთვის, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა შესთავაზა.

"დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს" - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი "ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას" პარლამენტში შესვლას სთავაზობს.

"ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG