ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტვაინინგი: მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა აქვს ზრუნვით და სიდინჯით ყველა მოქალაქის ინტერესები დაიცვას


დანიელ ტვაიანინგი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი
დანიელ ტვაიანინგი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი

საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში შეჭრას და პარტიის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებას "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება, რადგან ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა წარმოადგენდეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს. დენიელ ტვაინინგს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

დენიელ ტვაინინგი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი
დენიელ ტვაინინგი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი

ბატონო დენ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა და როგორც ჩანს მოვლენები ჯერ ისევ ვითარდება. რას ფიქრობთ ამ მოვლენებზე თქვენი გადმოსახედიდან?

არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა

საქართველოს ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავს და ჩვენ ყველა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს, მის დემოკრატიას და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზას. ვაშინგტონში ბევრი ადამიანი გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არცერთი ჩვენგანი არ ელოდებოდა იმას, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობის უსაფრთხოების ძალები ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში რეიდს მოაწყობდა. ამასთან, თითოეული ჩვენგანი მოელის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფები კონსტრუქციულად იმუშავებენ. ქართველმა ხალხმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კიდევ ერთი არჩევნები. პოლიტიკოსები აირჩიეს იმისთვის, რომ მათ ქვეყანა მართონ და ქვეყანა წინ წაიყვანონ რეფორმებისა და ზრდის გზით. მათ არ აირჩიეს პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ერთმანეთში ასე გაუთავებლად იკინკლაონ. უცნობია ის, თუ რამდენად ემსახურება ეს ყველაფერი ქართველ ხალხს და საქართველოს დემოკრატიის პროგრესს, რის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურს.

როცა საუბრობთ იმაზე, რომ ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, რომ მათ პოლიტიკოსები იმისთვის აირჩიეს, რომ მათ ხალხი მართონ, ვის გულისხმობთ? ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს?

მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს.

ვფიქრობ, ყველა მხარეა პასუხისმგებელი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ ოპოზიცია. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს კონსტრუქციული და ყველამ წესების მიხედვით უნდა ითამაშოს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს წესები გვაქვს იმისთვის, თუ როგორ წავიდეთ წინ. ეს ჩანს ჩვენს ქვეყანაში, ბევრ სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. დემოკრატია ყველგან ზეწოლის ქვეშაა. საქართველოს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არჩევნების შეფასების მხრივ. ჩვენ ცოტა ხანში რეკომენდაციებით ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. თუმცა, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობა აკონტროლებს უსაფრთხოების ძალებს, მთავრობა მართავს ქვეყანას. ამის გამო, მთავრობას განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ეკისრება ზრუნვით და სიდინჯით, თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვით იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს.

სად არის გამოსავალი. სიტუაცია ჩიხშია შესული, მხარეები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

იმედი მაქვს, ორივე მხარე, ყველა მხარე ერთ ნაბიჯს უკან გადადგამს და შეიმუშავებს წინ წასვლის სწორ გზას. იყო მოწოდებები ორივე მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს მოწოდებები პირნათლად უნდა შესრულდეს. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჟღერდეს მოლაპარაკებების მოწოდება და ამავე დროს რაღაც სხვა აკეთო, რასაც ღირებული შედეგი არ მოაქვს. აქ რამდენიმე რამაა შემაშფოთებელი. ერთი ისაა, რომ ეს ყველაფერი ფოკუსში აქცევს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას და ამ ეტაპზე ეს კარგად არ გამოიყურება იმ თვალსაზრისით რომ საქართველო შემდგარი და წარმატებული დემოკრატიაა. ვფიქრობ, ნატოში და დასავლეთში იმედი გვაქვს, რომ სიმშვიდე, სტაბილურობა, წესრიგი და დემოკრატია გაიმარჯვებს. ასევე, ეს პოლარიზება, დაპირისპირება და დაძაბულობა საუკეთესო ვექტორია მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ან ქვეყნის შიგნით არსებული ექსტრემისტული ძალებისთვის იმის გასაკეთებლად, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. პოლარიზაციასთან ყველას გვაქვს შეხება და ეს არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. ყველას გვყავს მტრული ძალები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებული განსხვავებების გამოყენებას ცდილობენ. გვინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ასეთი გავლენები საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის.

თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა არჩეულია იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს. რას ფიქრობთ ოპოზიციაზე? მათთვის თუ გაქვთ გზავნილი?


დემოკრატია ვერ იმუშავებს მაშინ, თუ მხოლოდ მთავრობა ან მხოლოდ ოპოზიციაა მის მიმართ ერთგული. დემოკრატიის ერთგული ყველა უნდა იყოს და ცხადია, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ეს ყველაფერი დემოკრატიის ელემენტებია. ესენი არ ეკუთვნის არც მთავრობას და არც პოლიტიკურ პარტიებს. ეს ყველაფერი ხალხს ეკუთვნის. გადადგით ერთი ნაბიჯი უკან და იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის ქართველი ხალხის და ქართველი ერის ინტერესებში. ამის პასუხი არ არის ის, რომ პოლიტიკოსებმა იკინკლაონ, პოლიტიკური ოპოზიციის წევრები დააპატიმრონ, უსაფრთხოების ძალების გამოყენება მოხდეს ისე, რომ ეს პოლიტიკურ ნაბიჯად იქნას აღქმული. ყველა კონსტრუქციული უნდა იყოს და წინ წასასვლელი გზა მონახოს. ქართველ ხალხს სურს, რომ მთავრობამ მათთვის იმუშაოს და ქვეყნის წინ წასაყვანად ყველას საკუთარი როლი აქვს შესასრულებელი

თუ კრიზისი გაღრმავდა, თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე?

მართალი გითხრათ არც ისე კარგი. ამერიკაში ახალი ადმინისტრაციაა, რომელსაც დიდი გამოწვევები აქვს გადასალახი, იქნება ეს ჩვენი მოწინააღმდეგეების, კონკურენტების თუ კრიზისების გათვალისწინებით. საქართველოში არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველო კრიზისული ქვეყნების სიას, იმ სიას დაემატოს, რომელიც ჩამონგრევის რაღაც ეტაპზეა. საქართველოს წარმატება ყველას ინტერესებშია. ამერიკას საქართველოს სახით ძლიერი და წარმატებული მოკავშირე სჭირდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობა მართავს ქვეყანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უკავშირდება არა იმას , თუ ჩვენ რა გვსურს, არამედ იმას, თუ რა სურს ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ ქართველ ხალხს სურს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს და მისი მოქალაქეების წინსვლისთვის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG