ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარში პუტჩის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება


მიანმარში, არჩეული სამოქალაქო მთავრობის სამხედროების მიერ ჩამოგდების საპროტესტო გამოსვლები მთელ ქვეყანაში გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი მეორე ღამეა გათიშულია.

დემონსტრანტებმა იანგონში, ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინ ქუჩა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ქუჩაში სამხედრო მანქანების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტო “როიტერის” ცნობით, დემონსტრანტებმა იანგონსა და სამხრეთის ქალაქ მოლემინთან სარკინიგზო მიმოსვლაც დაბლოკეს. სამშაბათს, იანგონში გამართულ დემონსტრაციებში ათობით ბუდისტმა ბერმა მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც სამხედროებმა დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუჩი და სამოქალაქო მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს, დემონსტრანტებსა და მიანმარის პოლიციას შორის შეტაკებები მწვავდებოდა. სამხედროებმა 1 თებერვალს მთავრობის წევრები დააკავეს და ერთი წლის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მიზეზად, ნოემბრის საყოველთაო არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბება დასახელდა. არჩევნებში სუჩის “დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ” დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მიანმარის საარჩევნო კომისიამ სამხედროების პრეტენზიები უარყო.

პუტჩის მეთაურმა, გენერალმა მინ უნგ ჰლაინგმა, გასულ კვირაში ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში პირობა დადო, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება, რომელიც მისი სიტყვებით, “ნამდვილ და დისციპლინირებულ დემოკრატიას” მოიტანს, მაგრამ არ დაუზუსტებია თუ ეს როდის მოხდება.

ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა მიანმარის უდიდესი ქალაქების ქუჩებში, რათა მკაცრი კომენდანტის საათის და ოთხ პირზე მეტის შეკრების აკრძალვისადმი დაუმორჩილებლობა გამოეხატა. დემონსტრანტებს პრო-დემოკრატიული შინაარსის პლაკატები ჰქონდა, ბევრ პლაკატზე სუჩის სურათი იყო.

პროტესტებთან ერთად, გაფიცული არიან მთავრობის და საჯარო მოხელეები, რაც ქვეყანაში, რომელიც ბირმის სახელითაცაა ცნობილი, სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხებას იწვევს. სამხედროებმა საჯარო მოხელეებს სამუშაოზე დაბრუნება უბრძანეს და დამსჯელი ღონისძიებებით დაემუქრნენ. ბოლო დღეებში სხვა სექტორების მუშაკებიც, მათ შორის სამდეიცინო პერსონალიც, სამსახურში არ გადიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG