ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უილიამ ბარნსი, ბაიდენის თქმით, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძვანელებს


ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს განაცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად, გამოცდილ დიპლომატს, უილიამ ბარნსს დაასახელებს.

განცხადებაში, რომელიც ბაიდენის გუნდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ბარნსს სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის 33-წლიანი გამოცდილება აქვს. ის დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებდა, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზდენტების პირობებში.

ბარნსი, პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო იორდანიაში, ხოლო ჯორჯ ბუშმა ის ელჩად რუსეთში მიავლინა. 64 წლის ასაკში, ბარნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დანიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამის შემდეგ, დიპლომატმა გადაწყვიტა, რომ 2014 წელს თანამდებობიდან წასულიყო და დღემდე "კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდს" ხელმძღვანელობს.

განცხადებაში ბაიდენი აბობს, რომ ბარნსის ორპარტიული გამოცდილება იმის გარანტია, რომ ის დაზვერვაში შემოიტანს "აპოლიტიკურ" ხედვას და უზრუნველყოფს ამერიკის უსაფრთხოებას.

ელჩ ბარნსს მიღებული აქვს საპრეზიდენტო, პენტაგონისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ მინიჭებული უმაღლესი სამოქალაქო ღირსების ჯილდოები. ის ფილადელფიაში, ლა სალის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ისტორიაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო. სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მას ოქსფორდის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს აღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG