ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსის გეგმა ტრამპის თანამდებობიდან გადასაყენებლად


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლი ოფიციალურად წარადგინა.

დღესვე, პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, გეგმავს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტს კანონმდებლების მიერ შემუშავებული რეზოლუცია შესთავაზოს. რეზოლუციაში საუბარია კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს.

დემოკრატი კოლეგებისადმი მიწერილ წერილში, პელოსი ამბობს, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი მათ 24 საათის განმავლობაში არ უპასუხებს, წარმომადგენელთა პალატა რიგით მეორე იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს. რესპუბლიკელები პრეზიდენტ ტრამპის გადაყენების წინააღმდეგნი არიან.

"ჩვენი კონსტიტუციის და დემოკრატიის დასაცავად, საგანგებო ზომებს მივმართავთ, რადგან ეს პრეზიდენტი ორივეს უშუალო საფრთხეს უქმნის. დღეები გადის, ჩვენს დემოკრატიაზე მიმდინარე იერიში კი, რომელსაც ეს პრეზიდენტი ახორციელებს, უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, ისევე, როგორც სასწრაფო [საპასუხო] ქმედების აუცილებლობა", - ნათქვამია წერილში.

ვაშინგტონში, ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში თანამდებობიდან გადაყენების განხილვა, 6 იანვრის მოვლენებს და კაპიტოლიუმზე მიტანილ იერიშს უკავშირდება. ოთხშაბათს, ტრამპის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე შეკრებილები, მისივე მოწოდებით, კონგრესის შენობისკენ დაიძრნენ, სადაც ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების და დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა.

სესია ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს მიჰყავდა. მომიტინგეები ძალადობის გზით კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, რითაც რისკის ქვეშ დადგა ვიცე-პრეზიდენტის და მთავრობის თითქმის მთელი საკანონმდებლო შტოს უსაფრთხოება. დაცვამ მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა და ევაკუაცია შეძლო.

მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელის. დაშავებულია ათობით ადამიანი, დაზიანებულია კონგრესის შენობა და დარბეულია კანონმდებელთა კაბინეტები და კონგრესის სხდომათა დარბაზი.

თუმცა, კონსტიტუციის შესაბამისად, არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი 6 იანვარსვე გაგრძელდა. დაახლოებით დღის 2 საათზე შეწყვეტილი სესია, საღამოს 8 საათზე განახლდა და არჩევნების შედეგების საბოლოოდ სერტიფიცირება მოხდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დღევანდელ ნაბიჯზე, რომლის შესახებაც გასულ უქმეებზე გახდა ცნობილი, არც პრეზიდენტ ტრამპს და არც თეთრ სახლს, საჯაროდ, ამ დრომდე, არ უპასუხიათ. კომენტარს ტრამპის გადაყენების, ან იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით არც არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აკეთებს.

ბაიდენმა ამ საკითხისგან თავი გასულ კვირასაც შორს დაიჭირა და განაცხადა, რომ ეს კონგრესის გადასაწყვეტია. კვირას კი, "ტვიტერზე" ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ვაშინგტონში მალე მუშაობას ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს.

"10 დღეში, ჩვენ ნაბიჯს წინ გადავდგამთ და აღმშენებლობის პროცესს ერთად განვაახლებთ", - თქვა მან.

პელოსის ერთ-ერთმა წამყვანმა თანაშემწემ, კონგრესმენმა ჯიმ კლაიბორნმა "ფოქს ნიუსს" უთხრა, რომ წარმომადგენელთა პალატას იმპიჩმენტის პროცესის კენჭისყრაზე დაყენება სულ რამდენიმე დღეში შეუძლია.

პრეზიდენტ ტრამპს ოთხწლიანი მმართველობის ვადა მომდევნო კვირაში, ოთხშაბათს ეწურება. 20 იანვარს, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კონგრესთან დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საზეიმოდ დადებენ ფიცს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG