ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი მიანიშნებს, რომ ვაქცინაციის ტემპი მოიმატებს


შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელა და ქაოტურად დაიწყო, მაგრამ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ტემპი მალე გაიზრდება.

დღეისათვის, შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში “ფაიზერ-ბიონტექის” და “მოდერნას” ორი ვაქცინის 13 მილიონი დოზა გაანაწილა, მაგრამ მხოლოდ 4.2 მილიონი ამერიკელის აცრა მოხერხდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ფედერალური მთავრობა შტატებს ვაქცინებს ბევრად უფრო სწრაფად აწვდის, ვიდრე მათ აცრის გაკეთება შეუძლიათ.”

ფაუჩიმ, ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და არჩეულ-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა თქვა, რომ ადამიანების აცრის ტემპი - მეტწილად ჯანდაცვის მუშაკების და ხანდაზმულთა სახლებში მყოფი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიის საწყისი ეტაპი - სიჩქარეს უმატებს.

ბოლო სამ დღეში 1.5 მილიონი აცრის ფონზე, “არის იმედის ნაპერწკალი”, თქვა ფაუჩიმ. მან იქვე დაამატა: “ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის ურთიერთქმედება ნამდვილ პარტნიორობად უნდა ვაქციოთ.”

ზოგიერთ შტატში, ჯანდაცვის ცენტრებისკენ მიმავალ ტროტუარებზე, აცრის მომლოდინე ადამიანების რიგები წარმოიშვა. ტეახასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, ხელისუფლებას ვაქცინის 750 დოზა ჰქონდა, მაგრამ სარეგისტრაციო ხაზზე 250 ათასმა ადამიანმა დარეკა იმედით, რომ აცრის განრიგში მოხვდებოდა.

ბაიდენმა მოუწოდა, რომ 20 ივნისის ინაუგურაციის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში 100 მილიონი აცრა ჩატარდეს.

ფაუჩიმ თქვა, რომ აცრების დაჩქარება შესაძლებელია.

“ეს რეალისტურია, დღეში მილიონი აცრის ჩატარება შეგვიძლია”, თქვა ფაუჩიმ. მისივე თქმით, თუ მომავალ თვეებში ამერიკელების 70-იდან 80 პროცენტამდე რაოდენობის აცრა მოხდება, შემდეგი სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის, შესაძლოა შეერთებული შტატები ვითარების გარკვეული ნორმალურობის შეგრძნებას დაუბრუნდეს.

ფაუჩი, ცოტა ხნის განმავლობაში, პანდემიაზე ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხო ქმედებების სახე იყო. პანდემიამ 350 ათასი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა და 20.4 მილიონზე მეტი ინფიცირება გამოიწვია. ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს ციფრები ყველა ქვეყნის მონაცემს აჭარბებს.

იმ დროს, როდესაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიუად ათობით ათასით იზრდებოდა და ტრამპი უპირატესად ნოემბრის არჩევნებით იყო დაკავებული, რომელიც მან წააგო, თეთრმა სახლმა ვაქცინის შემუშავების შესახებ უფრო დადებითი კომენტარების წინა პლანზე გამოსატანად, ფაუჩი მეტწილად გვერდზე გასწია.

კვირას გამოქვეყნებულ “ტვიტერის” შეტყობინებაში ტრამპმა მიანიშნა, რომ ჯერ კიდევ ნაწყენია იმაზე, თუ საზოგადოებრივი აზრის სამსჯავროზე ფაუჩის როგორი ადგილი უკავია.

ტრამპმა დაწერა, რომ მედია ფაუჩის მოწიწებით მოიხსენიებს, როგორც დიდებულ პროფესიონალს, რომელმაც დაუჯერებელი საქმე გააკეთა “თუმცა ის ჩემთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მუშაობს და ჩემი ნამუშევრისთვის მე არანაირად არ მაფასებენ, ღმერთო, ამაზე უფრო ყალბი მედია თუ შეიძლება არსებობდეს?”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG