ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო დამკვირვებლები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ


„მაღალკონკურენტული არჩევნები აშშ-ში, გაჯერებულია იურიდიული გაურკვევლობებით და საზოგადოების ნდობის ძირგამომთხრელი უპრეცედენტო მცდელობებით“ - ასე აფასებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, 3 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს.

პოლიტიკური პოლარიზება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისისა და საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, 3 ნოემბერს გამართული არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად მართული.

ამავე დროს, მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა „ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური პოლარიზებით“, რაც ხშირ შემთხვევაში ფარავდა ფართო პოლიტიკურ დებატებს და ასევე, მოიცავდა უსაფუძვლო ბრალდებებს სისტემური თაღლითობის შესახებ.

„არავინ - არცერთმა პოლიტიკოსმა, არცერთმა არჩეულმა ოფიციალურმა პირმა, არ უნდა შეზღუდოს ხალხის ხმის უფლება. ამგვარი დინამიური კამპანიის შემდეგ, ხელისუფლების ყველა შტოს ფუნდამენტური ვალდებულებაა დარწმუნდეს, რომ თითოეული ხმა დაითვლება“ - აცხადებს ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მაიკლ გეორგ ლინკი.

„უსაფუძვლო ბრალდებები სისტემური ხარვეზების შესახებ, განსაკუთრებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის უშუალოდ არჩევნების დღეს, ზიანს აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, საზოგადოების ნდობას“ - აცხადებს ლინკი.

სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ უშუალოდ არჩევნების დღემ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, - „თავად არჩევნების დღე, იყო მშვიდი. მიმდინარეობდა არეულობისა და დაშინების გარეშე.“

კოვიდ-19


მისიის ანგარიშში, ვრცლადაა საუბარი პანდემიაზე, როგორც მნიშვნელოვან გამოწვევაზე. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე და თავად არჩევნების ორგანიზებაზე, თუმცა მიღღებულმა ზომებმა ამომრჩეველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყო. „ზოგადად, დაცული იყო ჯანდაცვის უსაფრთხოების ზომები“ - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება

ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანების შესახებაც. „მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება ფედერალური კანონით რეგულირდება, შეუზღუდავი დამოუკიდებელი დამფინანსებლების შესახებ რეგიულაციები, ეფექტიანად ამცირებს გამჭვირვალობას და აძლიერებს ფულის გავლენას პოლიტიკაზე. ამ არჩევნებისთვის გაწული ხარჯები ჯამში 14 მილიარდ დოლარს აღწევს.“ - ნათქვამია ანგარიშში.

მედიაგარემო

პოლარიზებული, პლურალისტური და მრავალფეროვანი - ასე აფასებს მისია აშშ-ის მედიაგარემოს. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება.

„მედიაგარემო აშშ-ში ძალზედ პოლარიზებულია, მაგრამ ამასთან ერთად, პლურალისტური და მრავალფეროვანია. დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება. ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაციის ფართო სპექტრი, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარა“ - ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო მოხელეები

მისია მიიჩნევს, რომ პანდემიისა და ძლიერ პოლიტიზირებული გარემოში მუშაობის სირთულეების მიუხედავად, საზოგადოება დარწმუნებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში, ყველა დონეზე.

„მიუხედავად სამართლებრივი და ტექნიკური გამოწვევებისა, ასევე მოქმედი პრეზიდენტის განზრახ მცდელობისა, შეამციროს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, საარჩევნო მოხეელეების უზარმაზარმა ძალისხმევამ, რომელშიც ასევე ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო პირები, უზრუნველყო ამომრჩეველთა ხმის მიცემა. მაგრამ ეს არჩევნები არ დასრულებულა და ჩვენ ვრჩებით აქ, ვაშინგტონში, ასევე მნიშვნელოვან შტატებში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბიულეტენი სოწრად იყოს დათვლილი.“ - აცხადებს „ოდირის“ ხელმძღვანელი სადამკვირვებლო მისიაში, ურსულა გაჩეკი.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ჯამში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს 39 ქვეყნის წარმომადგენელი 102 დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს. მათ შორის, 50 - ეუთო/ოდირის და 52 - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG