ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის 2020 წლის არჩევნებზე


ამერიკის მღელვარე საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, ამერიკელები საარჩევნო უბნებზე დღეს საკუთარ არჩევანს აფიქსირებენ და წყვეტენ, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომავალი 4 წლის განმავლობაში: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუ მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

- ათეულობით მილიონი ამერიკელი მიდის დღეს საარჩევნო უბანზე, კოვიდ-19-ის პანდემიის და ერთ-ერთი ყველაზე პოლარიზებული არჩევნების პირობებში, ძალადობის და არეულობის მოლოდინის ფონზე.

- ბევრი ამერიკელისთვის ეს კორონავირუსთან დაკავშირებული არჩევნებია. პანდემიამ 230 000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით სამუშაო ადგილი გაანადგურა, პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის ბოლო წელს. ეს ბაიდენის მთავარი არგუმენტია ტრამპის წინააღმდეგ.

- ფედერალურმა მოსამართლემ არ დაუჭირა მხარი რესპუბლიკელების მოთხოვნას, რომ ტეხასში ბათილად ეცნო მანქანიდან გადაუსვლელად საარჩევნო უბნებზე მიცემული 127 000 ხმა.

- ასობით სასამართლო ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა, ეს იმ პირობებში, როცა 100 მილიონამდე ამერიკელმა ხმა ნაადრევ კენჭისყრაზე ფოსტით ან ფიზიკურად მისცა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იქნება. შედეგები შესაძლოა არც არჩევნების ღამეს და არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღის განმავლობაშიც არ ვიცოდეთ.

- ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს დაახლოებით 10 ე.წ. მერყევი შტატი გადაწყვეტს, რომლებიც შეიძლება ბაიდენისკენ ან ტრამპისკენ გადაიხარონ.

- კანდიდატები ცდილობენ, რომ ლათინო-ამერიკელ მოსახლეობას მაქსიმალურად მიაწვდინონ ხმა, როგორც ფლორიდის შტატში, ისე არიზონის შტატის მარიკოპას საგრაფოში. ამ უკანასკნელში 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1.3 ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა. ესპანურენოვანი ამერიკელები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა ამერიკაში.

ხმის მიცემის პროცესი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში
ხმის მიცემის პროცესი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში

- სენატის არჩევნების შემთხვევაში, დემოკრატებს უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ გადამწყვეტ შტატებში მხარდაჭერა მოიპოვონ და სავარაუდოა, რომ ისინი შეინარჩუნებენ კონტროლს წარმომადგენელთა პალატაზე. თუმცა, ამ შტატების საბოლოო შედეგები შეიძლება არ ვიცოდეთ არჩევნებიდან მინიმუმ ხუთი დღის, ზოგ შემთხვევაში კი - თვეების განმავლობაში.

- სოციალურის მედიის გიგანტებმა, როგორიცაა „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ განაცხადეს, რომ პოსტებს, რომლებიც შეიცავს ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვებულად გამოცხადებას ოფიციალურ შედეგებამდე, გაფრთხილებას დაურთავენ.

- ამერიკული ტელევიზიები კი არჩევნების ღამისთვის ემზადებიან. არსებობს ზეწოლა ყველა პოლიტიკური მხარიდან, რომ ტელეარხებმა შედეგები სწორად წარმოადგინონ, სპეკულაციების და წინსწრების გარეშე.

გლობალური პერსპექტივა

- ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არჩევნების შედეგები არ იქონიებს გავლენას თეირანის პოლიტიკაზე ამერიკის მიმართ.

- ისრაელის დაზვერვის მინისტრმა, ელი კოენმა თქვა, რომ ყატართან და საუდის არაბეთთან მიღწეული ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმების განხორციელება, იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა მიდგომა ექნება მომავალ პრეზიდენტს თეირანის მიმართ.

რიცხვებში

- ბაიდენს ტრამპთან შედარებით, მერყევ ფლორიდის შტატში, მცირე უპირატესობა აქვს. არჩევნებზე წამსვლელთა 50% გეგმავს ხმა მას მისცეს, მაშინ როცა პრეზიდენტს 46% ემხრობა.

კამპანიის ბოლო აკორდები

- ამერიკელი ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ სენატორებსა და კონგრესმენებსაც ირჩევენ. ასევე, ისინი მთელ რიგ შტატებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ირჩევენ და პასუხობენ სარეფერენდუმო კითხვებს.

- ბაიდენი პენსილვანიის შტატში, რომელიც კრიტიკულია, საარჩევნო შეხვედრებს მართავს და საღამოს ის დელავერის შტატის, მშობლიურ ქალაქ უილმინგტონიდან მიმართავს ამომრჩეველს.

- ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი კი კამპანიას მიჩიგანის შტატში აწარმოებს.

- ტრამპი თეთრ სახლში საარჩევნო წვეულებას მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG