ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები რიში და შაჰინი: ქართველ ხალხს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს ვუსურვებთ


შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი, საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ.

„2012 წელს საქართველოში არჩევნების დასაკვირვებლად ერთად მოგზაურობის შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის გაღრმავება და ეკონომიკის ზრდა. ამ უქმეებზე, ქართველების მზადებასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს და შეასრულოს საერთაშორისო სტანდარტი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის და დაიცვას საარჩევნო ყუთის სანდოობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები აცხადებენ, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება კრიტიკულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ამ წლის დასაწყისში მიღებული, საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური რეფორმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს დემოკრატიის სანდოობის გასაძლიერებლად. ამ არჩევნების კარგად ჩატარება ამ მიღწევებს კიდევ უფრო გაამყარებს და აჩვენებს ქართველი ხალხის განგრძობით სურვილს მიისწრაფოდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - ამბობენ სენატორები.

სენატორები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების სენატი მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კოდივ-19-ის პანდემიამ ხელი შეუშალა საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით წარმოდგენას საქართველოში არჩევნებზე, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები ყურადღებით იქნებიან. ამიტომ, კრიტიკულია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ყავს და რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის, როგორც მეგობრების და პარტნიორების მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს“, - აცხადებენ ისინი.

განცხადების გავრცელებამდე სენატორი რიში, ექსკლუზიურად "ამერიკის ხმასთან" 31 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ არჩევნების სანდოობა "ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს".

„არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა და პანდემიის პირობებში, საქართველო უქმეებზე არჩევნებისთვის ემზადება, ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. მე მოველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა მან.

არჩევნების დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ასევე ადამ კინზინგერმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატაში.

"ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი.

გასული თვეების განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფი, ისევე, როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქტიურად აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG