ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს მაიკ პენსი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი


თავის წინამორბედი ორი პრეზიდენტის მსგავსად, დონალდ ტრამპს შეუძლია ძალაუფლება, დროებით, ვიცე-პრეზიდენტს გადასცეს თუ თავად ქმედუუნარო გახდება. მაგალითად, სამედიცინო პროცედურების დროს, როგორიც კორონავირუსზე მკურნალობაა.

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას კოვიდ-19 დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ იწყებს კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აშშ-ის კონსტიტუციის 25 შესწორების მესამე სექციის მიხედვით, რომელიც 1967 წელს მას შემდეგ მიიღეს, რაც 1963 წელს, პრეზიდენტი კენედი მოკლეს, დონალდ ტრამპმა წერილობით უნდა განაცხადოს მისი ქმედუუნარობის შესახებ, რათა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გახდება. თუმცა, ტრამპი თანამდებობაზე დარჩება. პრეზიდენტი უფლებამოსილებას კვლავ წერილობით გაკეთებული განაცხადით დაიბრუნებს, იმის შესახებ, რომ მას კვლავ შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

25-ე შესწორების მეოთხე სექცია, ასევე გვთავაზობს პრეზიდენტის უფლებამოსილების მოხსნის სხვა გზას, იმ შემთხვევისთვის, თუ მის კაბინეტში ჩათვლიან, რომ პრეზიდენტი ქმედუუნარო გახდა. თუმცა, შესწორების ეს ნაწილი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა.

პრეზიდენტები 25-ე შესწორების მესამე ნაწილის მოქმედების ქვეშ

1985 წლის 13 ივლისს, პრეზიდენტმა რეიგანმა გადაწყვიტა, მოეშორებინა სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც მას კოლონსოკოპიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა წერილობით განაცხადს, სადაც 25-ე შესწორების მესამე ნაწილის ამოქმედების შესახებ ჩანაწერი არ იყო. შედეგად, ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი პრეზიდენტის მოვალეობას დაახლოებით რვა საათის განმავლობაში ასრულებდა - 11:28 სააათიდან, 19:22 საათამდე, როცა პრეზიდენტმა რეიგანმა, კვლავ წერილობით განაცხადა, რომ საკუთარი უფლებამოვალეობის შესრულება შეუძლია.

2002 წლის 29 ივნისს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა აამოქმედა შესწორების მესამე ნაწილი და თავისი უფლებამოსილება დროებით ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინს გადასცა. მიზეზი სამედიცინო პროცედურები იყო. ჩეინი, პრეზიდენტის მოვალეობას დილის 7:09 საათიდან, 9:24 საათამდე ასრულებდა.

2007 წლის 21 ივლისს, შემდეგი კოლონოსკოპიის წინ, პრეზიდენტმა ბუშმა კვლავ აამოქმედა შესწორების მესამე ნაწილი და ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი, დილის 7:16 სააათიდან, 9:21 საათამდე კლავ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

25-ე შესწორების მეოთხე ნაწილი

შესწორების მეოთხე ნაწილის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტს და კაბინეტის უმრავლესობას, ან „სხვა ორგანოს, რომელსაც ამის უფლებამოსილებას კონგრესი მიანიჭებს“, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ლიდერებს აცნობოს, რომ „პრეზიდენტი ქმედუუნაროა და არ შეუძლია უფლებამოსილების შესრულება.“

ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხდება. პრეზიდენტი უფლებამოსილებას მხოლოდ მას შემდეგ აღიდგენს, რაც კაბინეტის წევრები, იგივე ფორმით აცნობებენ ორივე პალატის ლიდერებს, რომ პრეზიდენტი კვლავ ქმედუნარიანია.

ასევე, თუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრთა ორი მესამედი ხმას მისცემს, რომ პრეზიდენტი ვერ ასრულებს მოვალეობებს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გახდება, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს თეთრ სახლს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG