ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ფიცი მეექვსედ მალულად დადო


ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელარუსის არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ, მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში, პრეზიდენტის ფიცი მეექვსედ დადო. ღონისძიებას ათობით ადამიანი ესწრებოდა თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართებოდა.

სპეციალურად ინაუგურაციისთვის მინსკში ქუჩები გადაკეტილია და ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ბელარუსის დედაქალაქში ლუკაშენკოს ფიცის დადებისთვის მიიღეს.

ფოტო და ვიდეო მასალა ღონისძიებიდან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა გამოცემებმა და ტელეკომპანიებმა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცერემონია დასრულდა. არადა, კანონი ბელარუსში სახელმწიფო არხებს ავალდებულებს ცერემონიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას.

ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი მალულად დადო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

ლუკაშენკოს მიერ ჩუმად დადებული ფიცის შესახებ მსოფლიომ ცოტა ხნის წინ გაიგო. გავრცელებულ მასალაში ის დარბაზში შეკრებილებს მიმართავს.

"ძვირფასო თანამემამულეებო! ამ საზეიმო დღეს, პრეზიდენტი ფიცს ვდებ სამშობლოსა და ხალხისადმი განსაკუთრებული განცდით. პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე არის ჩვენი გამარჯვების დღე. ჩვენ უბრალოდ არ ავირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ დავიცავით ჩვენი ღირებულებები, მშვიდობიანი ცხოვრება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,"- თქვა ლუკაშენკომ ინაუგურაციაზე.

ლუკაშენკოს მალულად დადებულ ფიცს ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხონუსკაია უკვე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია.

"დღეს ხალხისგან საიდუმლოდ ლუკაშენკომ სცადა ჩაეტარებინა საკუთარი ინაუგურაცია. ჩვენ ყველას გვესმის, რა ხდება. საკუთარი თავის ლეგიტიმურად გამოცხადების ამ მცდელობამ მხოლოდ იქამდე მიიყვანა, რომ არსებული უფლებამოსილებების ვადა დასრულდა, ხოლო ახალი მანდატი მას ხალხმა არ მისცა. ეს ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, რა თქმა უნდა, ფარსია. სინამდვილეში ლუკაშენკო უბრალოდ პენსიაზე გავიდა.

ეს ნიშნავს, რომ მისი ბრძანებები ძალოვანი სტრუქტურებისთვის უკვე არალეგიტიმურია და არ ექვემდებარება აღსრულებას. მე, სვიატლანა ციხონუსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია. ახლა ჩვენი ამოცანაა ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი,"- ამბობს ციხონუსკაია ვიდეო მიმართვაში რომელიც ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

პარალელურად ბელარუსში უკვე თვენახევარია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი სანქციებზე მუშაობენ, რომლებიც ბელარუსის თანამდებობის პირებს დაუწესდებათ. ლუკაშენკოს პრეზიდენტად დასავლეთში არ ცნობენ და ამბობენ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზდიენტო არჩევნები გაყალბდა.

მთავარი პარტნიორი ლუკაშენკოსთვის კვლავ ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ფედერაციაა. რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ლუკაშენკოს დახმარება აღუთქვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG