ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ძალადობის ციკლი" დავასრულოთ - ორეგონის გუბერნატორი


ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში საპროტესტო აქციები კვირასაც გაგრძელდა. ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული დემონსტრაციები თვეებია არ წყდება და ზოგჯერ ძალადობით და ვანდალიზმით სრულდება, ამჯერად კი მსხვერპლიც იყო.

გამომსვლელების ერთ-ერთმა ჯგუფმა გუშინ სამართალდამცავების მიერ დაკავებულ შენობაში შეჭრა სცადა. პორტლენდის პოლიციამ თავშეყრა უკანონოდ გამოაცხადა და ბევრი დააკავა.

ორეგონის გუბერნატორი ქეით ბრაუნი მოსახლეობას პირდება, რომ შტატის პოლიციასაც გააძლიერებს და იმ პრობლემების მიმართულებითაც იმუშავებს, რაც რასობრივ უსამართლობას უდევს საფუძვლად. ის ყველას, კანონმდებლების ჩათვლით, გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა პორტლენდში "ძალადობის ციკლი" ბოლოს და ბოლოს დასრულდეს.

"ნამდვილი ცვლილება რასობრივი სამართლიანობის მისაღწევად, მხოლოდ დიდი მუშაობით მოვა" - აცხადებს გუბერნატორი ბრაუნი. ის პორტლენდის მერს ტედ უილერს სახალხო ფორუმის მოწვევას სთხოვს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ლიდერები და აქციების ორგანიზატორები.

ბრაუნის გადაწყვეტილებით, შტატის პოლიცია ადგილობრივი გამომძიებლების დასახმარებლად, ქალაქში დამატებით ოფიცრებს გააგზავნის, რათა "დააკავონ და გაასამართლონ ის ხალხი, ვინც ძალადობს". გუბერნატორი ასევე აკრიტიკებს მემარჯვენე ჯგუფს "პატრიოტის ლოცვა", რომელიც შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში თავად დაუპირისპირდა რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, რომელთაგან ერთი, პორტლენდში შაბათს სროლებით და მსხვერპლით დამთავრდა.

"დაპირისპირების მიზნით, მემარჯვენე ჯგუფის "პატრიოტის ლოცვა" (Patriot Prayer) და თვითგამოცხადებული პოლიციური დაჯგუფების წევრები, გუშინ ღამით პორტლენდის ცენტრში შეიარაღებულები შეიჭრნენ" - თქვა გუბერნატორმა ბრაუნმა. მისი განცხადებით, "ყოველ ორეგონელს აქვს საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლება. მე არ მივცემ "პატრიოტის ლოცვას" და თეთრკანიანთა უპირატესობის შეიარაღებულ მომხრეებს, ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მეტი სისხლის დაღვრის უფლებას".

პოლიციის ანგარიშის მიხედვით, შაბათს მათ სროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულებმა ქუჩაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ჯგუფის "პატრიოტის ლოცვა" ქუდი ეხურა, ვაშინგტონის შტატში დაფუძნებული ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის.

შაბათის ინციდენტი
შაბათის ინციდენტი

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მათი ინფორმაციით, პოლიცია 48 წლის მამაკაცის საქმეს იძიებს. ის თავს ანტიფაშისტად აცხადებდა და ბოლო თვეები, სოციალურ ქსელებში ხშირად წერდა პორტლენდში მიმდინარე აქციებში მონაწილეობაზე.

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, პორტლენდის მერმა ტედ უილერმა ძალადობა დაგმო. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, აღარ შეეცადონ მომხდარის გამო შური იძიონ.

გადაცემას როგორც ჩანს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ადევნებდა თვალს. მან უილერის განცხადებები "ტვიტერზე" გააკრიტიკა.

ტედ უილერს პრეზიდენტმა მემარცხენე, უსაქმური და სულელი უწოდა, რომელიც "თვალს ადევნებს საკუთარ ქალაქში დიდ მსხვერპლს და დესტრუქციას და ფიქრობს, რომ უკანონობის ამგვარი ვითარება მუდმივად უნდა გაგრძელდეს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG