ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება, მომიტინგეები სისტემურ ცვლილელებს ითხოვენ


შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები მიესალმებიან მინესოტის პროკურორის მიერ იმ დანარჩენი სამი პოლიციელისთვის ბრალის წაყენებას, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ. თუმცა, მომიტინგეები მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და ამერიკაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აღსაკვეთად, სისტემურ რეფორმებს ითხოვენ.

რამდნიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარე საპროტესტო აქციები ოთხშაბათ ღამესაც, ძირითადად, მშვიდობიანი იყო.

ვაშინგტონში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა თეთრი სახლის წინ და კაპიტოლიუმის შენობასთან, საიდანაც მათ მოგვიანებით მარში დაიწყეს და ვაშინგტონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე - პენსილვანიის ავენიუზე - მშვიდობიანად ჩაიარეს. მსვლელობის დროს ქალაქში წესრიგის უზრუნველსაყოფად, ეროვნული გვარდია და პოლიცია იყო განლაგებული.

ვაშინგტონის მერმა ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა ღამის 11 საათზე დააბრუნა. მანამდე, რამდენიმე ღამის განმავლობაში, როცა დემონსტრაციები ბოლომდე მშვიდობიანი ხასიათის არ იყო, შეზღუდვები საღამოს 7 საათზე იწყებოდა.

დეტროიტში პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვების მიუხედავად, პოლიცია არ დააკავებდა იმ ადამიანებს, რომლებიც დემონსტრაციებში მშვიდობიანად მონაწილეობდნენ.

სიეტლის მერმა კი გააუქმა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც მისივე ბრძანებით შაბათამდე უნდა გაგრძელებულიყო.

სან-ფრანცისკოს და ლოს-ანჯელესის მერებმა განაცხადეს, რომ აპირებენ მსგავსი შეზღუდვები ხუთშაბათ საღამოს მოხსნან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG