ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ეროვნული გვარდიის მუშაობას აქებს, "ანტიფას" წევრებს კი ტერორისტებად აცხადებს


ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნულ გვარდიას სამოქალაქო უწესრიგობასთან გამკლავებისთვის აქებს და ამბობს, რომ ის "საქმეს კარგად" აკეთებს. პროტესტმა ამერიკის არაერთი შტატი, მათ შორის დედაქალაქი ვაშინგტონი მას შემდეგ მოიცვა, რაც მინესოტის შტატში პოლიციელებმა დაკავებული აფრო-ამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს და ის ამის შედეგად გარდაიცვალა. დაკავებული 46 წლის ფლოიდი პოლიციელებს სახით მიწისკენ ჰყავდათ ასფალტზე დაწვენილი და თეთრკანიანი ოფიცერი მას მუხლით 8 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ედგა.

ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივი ღამის შემდეგ, კვირას "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტებში დონალდ ტრამპი "ანტიფას და მის მიერ მართულ ანარქისტებს" ქაოსის შექმნაში ადანაშაულებს.

"სხვა ქალაქები და შტატები, რომლებსაც დემოკრატები მართავენ, ასევე უნდა ფიქრობდნენ რადიკალი მემარცხენე ანარქისტების დახურვაზე ეროვნულმა გვარდიამ საქმე შესანიშნავად გააკეთა და ის უნდა გამოიყენონ სხვა შტატებშიც, სანამ ძლიერ გვიან არაა". "ანტიფა" ანტიფაშისტური გაერთიანებაა ამერიკაში.

ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები "ანტიფა"ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

"როგორც ეს "ტვიტი" აჩვენებს, ტერორიზმი არსებითი პოლიტიკური იარლიყია, რომელსაც შეუსაბამოდ, მარტივად იყენებენ", - ამბობს ჰაინა შამსი, "ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის" ეროვნული უსაფრთხოების პროექტის დირექტორი. "არ არსებობს ლეგალური უფლება იმისთვის, რომ შიდა ჯგუფი გამოცხადდეს [ტერორისტულ ჯგუფად]. ნებისმიერი ასეთი აღიარება შესაბამის პროცესსა და კონსტიტუციის პირველ ჩასწორებასთან დაკავშირებულ წუხილს გამოიწვევს", - ამბობს ის.

"ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა" კი "ანტიფას" ჯგუფებისა და ქსელების თავისუფალ, არაორგანიზებულ გაერთიანებად მიიჩნევს, რომლებიც აგრესიულ, აქტიურ ოპოზიციას უწევენ ულტრა-მემარჯვენე მოძრაობებს.

ამერიკის 16 შტატში - 25 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი, ღამის საათებში კი გადაადგილების შეზღუდვაა გამოცხადებული. დონალდ ტრამპი დღეს გუბერნატორებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვდება და ძალოვანი სტრუქტურების და ეროვნული უსაფრთხოების მეთაურებთან ერთად მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.

ძალადობრივი ხასიათი მიიღო პროტესტის ნაწილმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც ლაფაეტის სკვერთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. თეთრი სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე კი მეხანძრეები წმინდა იოანეს ეკლესიის სარდაფში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, ოფისი, ბანკია დაზიანებული, ხანძარი გაჩნდა ორ რესტორანშიც. ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა ეროვნულ მოლზეც.

კოლუმბიის ოლქის პოლიცია აცხადებს, რომ შაბათის პროტესტის შემდეგ პოლიციელებიც დაშავდნენ და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. საიდუმლო სამსახურის განცხადებით, კი დაშავებულია მათი 60 ოფიცერი თუ სპეციალური აგენტი, 11 მათგანს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ პარასკევს საღამოს პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ ბუნკერში გადაიყვანეს. თუმცა, "თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროტოკოლსა და გადაწყვეტილებებზე", - უპასუხეს "ამერიკის ხმას" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ვაშინგტონის მერი პრეზიდენტის როლთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად ამბობს, რომ იმედოვნებს, დონალდ ტრამპი შეეცდება მოსახლეობა დაამშვიდოს და სულ მცირე არ გაამწვავოს მაინც ძალადობა."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG