ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ტექნოლოგია საჭესთან მობილური ტელეფონის გამოყენების წინააღმდეგ - რუბრიკა „გალილეო“


ავსტრალია პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც გზებზე ახალი ტექნოლოგია დაამონტაჟა იმ მძღოლების დასასჯელად, ვინც საჭესთან მობილურ ტელეფონს ხმარობს. ამის შესახებ სექტემბრის ბოლოს განაცხადა ენდრიუ კონსტანსმა, ახალი სამხრეთ უელსის შტატის გზების მინისტრმა.

მისი თქმით, აკრძალვების მიუხედავად, მძღოლები სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ტელეფონზე, აგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს, ათვალიერებენ სოციალურ მედიას, აგზავნიან ელექტრონულ წერილებს, ან იყენებენ სმარტფონის სხვა აპლიკაციებს. ეჭვგარეშეა, რომ გზებზე მობილური ტელეფონის გამოყენება, ისეთივე პრობლემაა, როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის ტარება, უთხრა ენდრიუ კონსტანსმა ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას. „სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ყველამ იცოდეს: თქვენ ამის გამო დაფიქსირდებით ყველგან და ყოველთვის“.

სპეციალური ტექნოლოგიის გზებზე დამონტაჟება უკვე დაიწყო. ის საგანგებო ფოტოაპარატებით არის აღჭურვილი და სმარტფონის მომხმარებელ მძღოლებს რამდენიმე ფოტოზე აფიქსირებს. ტექნოლოგია დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც მოძრაობის სიჩქარის აღრიცხვის რადარები, ხაზის გადაკვეთის, ან შუქნიშნის წესების დარღვევის ავტომატური ჯარიმები.

შტატის გზებზე ახალ წლამდე სულ ცოტა, 45 ასეთი აპარატი დამონტაჟდება. თითოეული ფოტოაპარატი ორი კამერითაა აღჭურვილი. ერთი იღებს მანქანის რეგისტრაციის ნომერს, მეორე კი საქარე მინიდან აფიქსირებს იმას, თუ რას აკეთებს მძღოლი, იყენებს თუ არა ის ხელით სმარტფონს.

ხელოვნური ინტელექტი გამოარჩევს იმ მძღოლებს, რომელიც სმარტფონს ხმარობს, მაგრამ ტელეფონი მანქანაზეა დამაგრებული და მას ხელს არ კიდებს. ასეთ შემთხვევაში, აპარატი მძღოლს და მის მანქანას ფოტოებს არ გადაუღებს.

ჯარიმის გამოწერამდე, შეცდომის გამორიცხვის მიზნით, ფოტოებს ჯერ პოლიციაში გადაამოწმებენ. თუკი ოფიცერი ჩათვლის, რომ მძღოლმა წესრიგი დაარღვია,იმ ადამიანს, ვის სახელზეც მანქანაა დარეგისტრირებული, 344 ავსტრალიური დოლარის ჯარიმა გაეგზავნება. ეს დაახლოებით 232 ამერიკულ დოლარს უდრის.

ფოტოაპარატების ერთი ნაწილი სტაციონარული იქნება, ანუ გზებზე მუდმივად დამონტაჟდება. მეორე ნაწილს მაღალ მანქანებზე დაამაგრებენ და შტატში სხვადასხვა ადგილზე გაუშვებენ. ფოტოაპარატებს პერიოდულად მდებარეობასაც შეუცვლიან.

თავიდან, სანამ ამ ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყდებოდა, ახალი სამხრეთ უელსის შტატში საპილოტე პროგრამა მუშაობდა. ექვსი თვის მანძილზე, მარტო ორმა კამერამ 8.5 მილიონ მანქანაში 100 000-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა.

ავსტრალიაში უკვე 16, 500-ზე მეტი ჯარიმა გამოწერეს. მათ შორის იყო შემთხვევები, როცა მძღოლი ერთდროულად ტელეფონსაც და პლანშეტსაც ხმარობდა. ერთ მძღოლს კი ორივე ხელში თითო-თითო ტელეფონი ეჭირა.

აქ კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია: ჯარიმა ვრცელდება გზაზე დროებით გაჩერებული ავტომობილების მძღოლებზეც. ანუ, საუბარია საცობში მოხვედრილ, ან გზაჯვარედინზე, შუქნიშნის წითელ ფერზე გაჩერებულ მანქანებზე.

შტატის მთავრობა აცხადებს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, პროგრამას კიდევ უფრო გააფართოებს და 135 მილიონამდე მანქანას შეამოწმებს, რითაც სულ ცოტა, 100 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და კიდევ უფრო მეტს დაშავებისგან იხსნის. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ამჟამად 5.2 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG