ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს 8 წელი გადასახადები არ გადაუხდია, მაგრამ არც კანონი დაურღვევია


დონალდ ტრამპის ბიზნესებმა 1985-1994 წლებში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა, რაც მომავალ პრეზიდენტს გადასახადების გადახდისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. ამ პერიოდში ტრამპმა გადასახადები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გადაიხადა.

დანაკარგების დიდი ნაწილი ტრამპის სასტუმროებს, სამორინეებს და სავაჭრო სივრცეებს უკავშირდება, რომლებიც მის მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლებში იყო განთავსებული. ზარალში ასევე შედის წარუმატებელი ინვესტიციები ერთ-ერთ ავიაკომპანიაში და ამერიკული ფეხბურთის გუნდში.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს გადასახადები 8 წლის განმავლობაში არ გადაუხდია, მას კანონი არ დაურღვევია, რადგან შეერთებული შტატების საგადასახადო კოდექსი ბიზნესებს ზარალის გაქვითვის საშუალებას აძლევს.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიას პრეზიდენტი ტრამპი „ტვიტერზე“ ოთხშაბათს უკვე რამდენჯერმე გამოეხმაურა და მას „უკიდურესად მცდარი ყალბი ამბებით თავდასხმა“ უწოდა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2013-2018 წლებში გადახდილი გადასახადების გასაჯაროებას ითხოვენ, პრეზიდენტის უცხოურ ბიზნესებთან კავშირის დასადგენად.

ამერიკის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა, რომელსაც საგადასახადო სამსახური ექვემდებარება, დემოკრატების მოთხოვნას უარით უპასუხა და ამის მიზეზად „არალეგიტიმური საკანონმდებლო მიზანი“ დაასახელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG