ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ყოფილ მრჩეველზე ამბობს, რომ მან "ჭკუა დაკარგა"


დონალდ ტრამპმა დღეს თავისი ყოფილი მრჩევლის, სტივ ბენონის შესახებ თქვა, რომ მან "ჭკუა დაკარგა". ამერიკის პრეზიდენტის მკვეთრი რეაქცია თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის მიერ ახალ წიგნში მისი შვილის ხსენებამ გამოიწვია. "სტივ ბენონს არავითარი საქმე არ აქვს არც ჩემთან და არც ჩემს პრეზიდენტობასთან. როცა ის სამსახურიდან იქნა გაშვებული, მან არამარტო საკუთარი სამსახური, არამედ თავისი ჭკუაც დაკარგა" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ბენონი თეთრი სახლის შესახებ დაწერილ მაიკლ ვულფის წიგნში აღწერს, თუ როგორ გაოგნდა იმ ფაქტით, რომ 2016 წლის ივნისში, პრეზიდენტ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, რუს ადვოკატებთან საპრეზიდენტო კამპანიის წევრების შეხვედრა მოაწყო. ამ ფაქტს ბენონი "მოღალატეობრივს" და "არაპატრიოტულს" უწოდებს.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე ტრამპის კამპანიას დემოკრატ ოპონენტ ჰილარი კლინტონზე მაკომპრომეტირებელი მასალა შესთავაზეს. მას ესწრებოდნენ კამპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

"კამპანიის სამმა წამყვანმა ფიგურამ ჩათვალა, რომ უცხოეთის მთავრობასთან იურისტების გარეშე შეხვედრა, ტრამპ-თაუერის 25-ე სართულის საკონფერენციო დარბაზში, კარგი იდეა იყო" - ამბობს სტივ ბენონი მაიკლ ვულფის წიგნში, რომელიც 9 იანვარს გამოდის და რომლის ნახვის და წაკითხვის შანსი მიეცა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს".

ვულფი გამოცდილი ჟურნალისტია. ის მუშაობდა რამდენიმე ცნობილ გამოცემაში, მათ შორის "გარდიანში", "ვენითი ფეარში", "ჰოლივუდ რეპორტიორში".

ბენონი ტრამპის პოპულისტური საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ის 2017 წლის აგვისტოში თანამდებობიდან გაშვებამდე, თეთრ სახლში გავლენიან ფიგურად და პრეზიდენტის ერთ-ერთ წამყვან მრჩევლად რჩებოდა.

სამსახურის დატოვებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ტელეკომპანია "სი-ბი-ესისთან" ინტერვიუში ბენონმა თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი შეცდომა ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს თავმჯდომარის მოხსნასთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ “შესაძლოა ეს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში” ყველაზე დიდი შეცდომა იყოს. “არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ ჯეიმს კომი რომ არ მოეხსნათ, ახლა სპეციალური გამომძიებელი არ გვეყოლებოდა" - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG