ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის გამოძიება სავარაუდო ვადების გარეშე


„ქვეყანა, რომელიც თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, მას მეტი შესაძლებლობა აქვს საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“ - ირაკლი სესიაშვილი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლები საქართველოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებიან. ამ პერიოდის მანძლზე ისინი, პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელმძღვანელობით, შეხვდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე მუშაობდა. შეხვედრები დღეს პრესკონფერენციით დასრულდა, სადაც ჰააგის პროკურორის ოფისის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს ის სპეციფიკა, თუ როგორც მუშაობს და იძიებს საქმეებს საერთაშორისო წარმომადგენლობა.

პრესკონფერენციაზე ჰააგის პროკურორის ოფისის თანაშრომელმა ფაქისო მოჩაჩოკომ განაცხადა: ჩვენ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვთანამშრომლობთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებთ მის ფარგლებს გარეთ, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ასევე ვიყოთ ჩართულები რუსეთის ხელისუფლებასთან ერთადაც, თუმცა ჯერ–ჯერობით ჩვენი მცდელობა არაა წარმატებული. შევეცდებით, რომ მოსკოვში ვიზიტი და შეხვედრების გამართვა შევძლოთ ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გამოძიება სრულებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია და მიზნად ისახავს შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“.

ჰააგის პროკურორის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა სპექტრი არ შემოიფარგლება მხოლოდ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, ან მხოლოდ ეთნიკური წმენდის საქმის შესწავლით. ამ თვალსაზრისით, ჩარჩოები ჰააგის სასამართლოს არ დაუწესებია. რაც შეეხება რუსეთთან და დე–ფაქტო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობას, ამ დროსთვის მხოლოდ ორი გარემოებაა დაზუსტებული. ერთის თანახმად, რუსეთში ჯერ არაა დასრულებული გამოძიება, მეორის მიხედვით, კი უცნობია, თანახმა იქნება თუ არა იგი თანამშრომლობაზე.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს: „ქვეყანა, რომელიც თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, მას მეტი შესაძლებლობა აქვს საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს და მეტიც: მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი საბუთები და დოკუმენტაცია წარადგინოს. ვინც არ თანამშრომლობს, თავისთავად ცხადია, ის პასუხის გარეშე რჩება. ამიტომ ნაკლები შანსი აქვს საკუთარი პოზიციები გაამყაროს. რუსეთის აპრიორი წინააღმდეგობა, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს და იყოს გამჭვირვალე მოთამაშე, მე ვფიქრობ, მისთვის უფრო საზიანოა. ის აპრიორი ცდილობს, არ აღიაროს ის შედეგები, რომელსაც სავარაუდოდ, პროკურორი გამოიტანს და სასამართლო ამაზე იმსჯელებს, ჩვენ კი რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობა გვექნება დავამტკიცოთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულს და რომის ტატუტით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებებს.“

ამერიკის ხმა საიას ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა, რომელიც ერთ–ერთია იმ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ვინც ჰააგის პროკურორს შეხვდა. „ზოგადად, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო და მისი ტრიბუნალი იმდენად მნიშვნელოვან და სენსიტიურ საქმეებს განიხილავს, რომ სასამართლოს მანდატიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომელიმე სახელმწიფოს მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს, ან მონარქს (არჩეულ თუ არაარჩეულ უმაღლესი თანამდებობის პირს) წაუყენონ ბრალი და გაასამართლონ. როდესაც ასეთი მანდატი აქვს სასამართლოს, ის რა თქმა უნდა, ვერ აიცილებს იმ კითხვას, რასაც თქვენც სვამთ: ხომ არაა ამ საქმეში საერთაშორისო პოლიტიკური თუ შიდა პოლიტიკური ქვეტექსტი. ეს ბუნებრივია, რომ შესაძლოა პოლიტიკურ კონტექსტს შეიცავდეს, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკოსს შესაძლოა პასუხი აგებინონ, მაგრამ მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ არ არსებობს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ სასამართლო იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული, ან საერთოდ პოლიტიკას მხედველობაში მიიღებს. ესაა სამართლებრივი პროცესი,“– აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ გამოძიების სავარაულო ვადაც კი არაა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა ამ მხრივ ჩარჩოებს არ აწესებს. ამიტომ რთული სათქმელია 2 წელს გასტანს გამოძიების პროცესი, თუ 5, 7 ან 10 წლიანი პერიოდი დასჭირდება.

ლია მუხაშავრია, ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის ხელმძღვანელი, რომელსაც არაერთი სარჩელი აქვს შეტანილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულების სახელით, ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ჩვენს მიერ წარმოებული საქმეები ხვდება იმ ანგარიშში, რომელიც ჰაიდი ტალიავინის მიერაა მომზადებული. ამიტომ, თუ გამოძიება ჩვენს კლიენტებს შეხვდება და ინტერესს დააფიქსირებს, ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ.“რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკურ პროცესად ჰააგის

საერთაშორისო სასამართლოს თანხმობა გამოძიების დაწყებაზე, ამ კითხვას ორგვარი პასუხი აქვს: კიც და არაც, თუმცა დაზუსტებული ამ ორიდან არც ერთი არაა.

XS
SM
MD
LG