ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიკას ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედო


ამერიკის სამხრეთში, მექსიკასთან მოსაზღვრე შტატ ტეხასში ზიკას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების ქვეყნის მასშტაბით პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გადადების გზად სქესობრივი კავშირი სახელდება. დალასის საგრაფოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, ახლად დაინფიცირებულ ადამიანს სექსუალური კავშირი ჰქონდა ადამიანთან, რომელიც ცოტა ხნის ვენესუელიდან დაბრუნდა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა “ამერიკის ხმას” წერილობით დაუდასტურა, რომ “ლაბორატორიული ტესტირების შედეგად გამოვლინდა ამერიკაში ზიკას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ისეთ ადამიანში, რომელიც ქვეყნის გარეთ არ გასულა.”

ზიკას ვირუსს სიმპტომები თითქმის არ აქვს, მაგრამ ის თანდაყოლილ დეფექტებს იწვევს ახალშობილებში. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა მიკროცეფალიაა, რომლის დროსაც ჩანასახის ტვინი არ ვითარდება და თავი არაპროპორციულად პატარაა.

ბრაზილიაში ვირუსი პირველად 2014 წლის ივნისში აღმოაჩინეს. 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში მიკროცეფალიის ოთხი ათასამდე დიაგნოზი დაისვა. ერთი წლის წინ ბრაზილიაში მხოლოდ 150 დაბვშვი დაიბადა მიკროცეფალიის დიაგნოზით.

ვირუსის გავრცელების სასწრაფოდ შეჩერება მსოფლიოსთვის ჯანდაცვის სფეროში პრიორიტეტად იქცა. ბრაზილიაში 5-დან 21 აგვისტომდე ზაფხულის ოლიმპიადაა დაგეგმილი. თუ ვირუსის კონტროლზე აყვანა მანამდე ვერ მოხერხდა, ზიკათი დაინფიცირების საფრთხე მთელი მსოფლიოდან ჩასულ მილიონობით ადამიანს შეექმნება.

XS
SM
MD
LG