ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები ტერორიზმთან ბრძოლაზე


შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება. როგორ ხედავენ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გზებს წამყვანი კანდიდატები?

ტერორიზმს ამერიკელები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, ეკონომიკის შემდეგ, რიგით მეორე პრობლემად მიიჩნევენ. ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ უახლესი გამოკითხვა მოწმობს, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, 56 პროცენტს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან პრეზიდენტ ობამას ბრძოლის სტრატეგია არ მოსწონს და თვლის, რომ საქმეში ქვეითი ჯარები უნდა ჩაერთონ.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება. დემოკრატთა წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი ამ საკითხში ობამას პოზიციისგან დისტანცირებას არჩევს და სირიაში ჯარების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს. კლინტონი საერთაშორისო კოალიციის გაძლიერების და სირიაში არასაფრენი ზონის გამოცხადების მომხრეცაა.

ჩვენი მიზანი არა დაჯგუფების შეჩერება, შეკავება, არამედ მისი დამარცხება და განადგურებაა. ღიად უნდა ითქვას იმ ფაქტის შესახებ, რომ დაჯგუფებისთვის ტერიტორიების წართმევის საქმეში წარმატებას საჰაერო იერიშების და სახმელეთო ძალების კომბინაციით უნდა მივაღწიოთ“ - აცხადებს დემოკრატების წამყვანი კანდიდატი.

ერაყში და სირიაში ჯარების გაგზავნის აუცილებლობაზე საუბრობენ რესპუბლიკელი კანდიდატები ჯებ ბუში და მარკო რუბიო.

ბუშის თქმით, „ერაყში ჩვენი ჯარების არა დაცულ ზონებში ყოფნით, არამედ ერაყის ძალებთან ერთად ოპერაციებში უშუალო ჩართვით უნდა დავიწყოთ. აუცილებელი იქნება ქურთების ჯარების უშუალო მხარდაჭერაც“.

„ან ისინი გაიმარჯვებენ, ან ჩვენ. ამდენად სერიოზულია საფრთხე. რაც უფრო დავაგვიანებთ გამოღვიძებას და რეალობის აღქმას, მით უფრო რთული იქნება მათი დამარცხება და შეჩერება“ - აცხადებს რუბიო.

რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატი დონალდ ტრამპი ყურადღებას არა იმდენად საბრძოლო სტრატეგიაზე, არამედ უფრო ობამას კრიტიკაზე და საკუთარ პერსონაზე ამახვილებს.

„მე წინ მივიწევ, ყველა დანარჩენი კი დაბლა. ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი ჩემში საუკეთესო დამცველს ხედავს. თქვენი უსაფრთხოებისთვის დაუნდობლად ვიბრძოლებ“ - ამბობს ის.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ საგარეო საკითხებზე ყურადღების გადატანა რესპუბლიკელთა პოზიციებს გააძლიერებს. თუმცა, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ამერიკელები ჰილარი კლინტონს უფრო ენდობიან, ვიდრე რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

23 ნოემბერს გამოქვეყნებული კიდევ ერთი, „ვაშინგტონ პოსტის“ და „ეი-ბი-სის“ ერთობლივი გამოკითხვით, კლინტონს ნდობა 50-მა პროცენტმა გამოუცხადა. ტრამპს კი მხოლოდ 42-პროცენეტიანი მაჩვენებელი აქვს.

XS
SM
MD
LG