ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დანგრეული ცხოვრება“ - ფოტოგამოფენა ვაშინგტონში


ცნობილი ფოტოგრაფის, სებასტიან რიჩის ახალი გამოფენის გმირები სირიელი დევნილები და სამხრეთ სუდანელი მეომრები არიან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00
ბმული

სებასტიან რიჩი საკუთარ თავს ასე ახასიათებს: მე ვარ „ფოტოჟურნალისტი, რომელიც სწორ ადგილას არასწორ მომენტში ხვდება“. ცნობილ ფოტოგრაფს კარიერის უმეტესი ნაწილი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში აქვს გატარებული. ის ძირითადად კონფლიქტის ადგილებში დადის და ომში ჩათრეული ქვეყნების მოქალაქეთა შესახებ დოკუმენტურ ფოტოსერიალებს ქმნის. მას ვიდეო ან ფოტოფირზე ბოლო 40 წლის მანძილზე მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი კონფლიქტი აქვს აღბეჭდილი.

სებასტიანის ბიოგრაფიაც შესაბამისია, ის გატაცებულიც ჰყავდათ, დაჭრილიც იყო და მძევლად აყვანილიც, თუმცა მსგავსმა ინციდენტებმა ის საყვარელ საქმიანობას ვერ მოწყვიტა. ფოტოჟურნალისტი დღესაც აგრძელებს იმ ადამიანების ისტორიების მოყოლას, რომლებიც ომის შუაგულში აღმოჩნდნენ. ვაშინგტონში გამართული მისი ახალი გამოფენა „დანგრეული ცხოვრება“ სირიელ დევნილებს და სამხრეთ სუდანელ მეომრებს ეძღვნება.

„ამ ადამიანებში სიამაყე, იმედი და ღირსება მომაჯადოებელია. როცა ადამიანი ლტოლვილი ხდება, მას აღარაფერი გააჩნია, ზოგჯერ ერთი მაისურის და შარვლის ამარა არიან ხოლმე გამოქცეულები სრულიად უცხო ქვეყანაში. გამაოგნებელია, რომ მათ ღირსება და სიამაყე ამ მდგომარეობაში მაინც შემორჩენილი აქვთ“ - ამბობს ფოტოგრაფი.

სებასტიანის ფოტოები იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აღარასოდეს გავიწყდება. ახალ გამოფენაზე რამდენიმე ასეთი ფოტოა. მაგალითად პატარა სირიელი ბიჭის პორტრეტი, რომელიც იორდანიის საზღვარზე გადადის. ფოტოგრაფს სურს, რომ თავი მათ ადგილას წარმოვიდგინოთ და მივხვდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენც ლტოლვილები აღმოვჩნდეთ.

„აი, ეს სირიელი დევნილები ქალაქიდან მოდიან. ისინი ფერმერები არ არიან. მათ შორის პოლიტიკოსები, იურისტები, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები და უამრავი სხვა პროფესიის ადამიანია. მათ პირველად გამოსცადეს ის, რასაც დევნილობა ჰქვია“ - ყვება ფოტოჟურნალისტი.

ამჯერად სებასტიანმა სურათები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დაკვეთით გადაიღო. ორგანიზაციის ამერიკელი წარმომადგენელი, შელი პიტერმანი ამბობს, რომ ფოტოები მსოფლიოს ნებისმიერი დევნილი ადამიანის მდგომარეობის ამსახველია, მათი ეროვნების და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.

„ტრავმის კვალს ხედავ, სევდას, დანაკარგს, შიშს. ეს თვისებები მთელი მსოფლიოს ლტოლვილებს ახასიათებთ. თუმცა, ამავე დროს ზოგჯერ მათ სახეებში იმედის ჩანასახიც იკითხება“ - ამბობს გაეროს წარმომადგენელი.

ფოტოჟურნალისტის თქმით, ეს იმედი კარგად იკვეთებოდა იორდანიაში ჩასულ სირიელებს შორის. ისეთ შემთხვევებზე ყვება, როცა, მაგალითად, სულ ერთი თვის ჩასულმა სირიელმა ქალმა იქვე, ბანაკში, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. დღეს ის კაბების კერვით და პედიკურის კეთებით არის დაკავებული.

სებასტიანი საკუთარი ფოტოეტიუდების გმირების მადლიერია, რადგან ისინი სურათის გადაღების უფლებას თითქმის ყოველთვის აძლევენ, ზოგჯერ ურთულეს მომენტებშიც კი. ერთი ასეთი პორტრეტი მას სუდანში აქვს გადაღებული სწორედ იმ მომენტში, როცა დედამ დევნილთა ბანაკამდე მიაღწია თუ არა, ვაჟიშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

ფოტოჟურნალისტი ამ შემთხვევას ასე აღწერს: „კამერა მის სახესთან ძალიან ახლოს მქონდა მიტანილი. ტერორის მომენტში პირდაპირ სახეში აპარატის მიშვერის ათწლეულების მანძილზე მიღებული გამოცდილების მიუხედავად, სიტუაციამ შემზარა და უკან დავიხიე. თუმცა, დაღუპული ჯარისკაცის დედამ ამის საშუალება არ მომცა. თარჯიმანს სთხოვა ჩემთვის გადაეთარგმნა, რომ მას სურათის გადაღება სურდა: მინდა რომ ჩემი ისტორია იცოდნენ, რომ ჩემი შვილის ამბავი დაამახსოვრდეთო“ - ყვება სებასტიანი.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს იმედი აქვს, რომ სებასტიან რიჩის ფოტოგამოფენის წყალობით, დევნილთა ბედს ბევრი ვაშინგტონელი გაეცნობა, მათ ტკივილს გაიზიარებს და ომის მთელ ტრაგიზმს გააცნობიერებს.
XS
SM
MD
LG