ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი იშვიათი მინერალების ექსპორტს ზღუდავს


中國的稀土礦場

რას წარმოადგენს იშვიათ მიწათა ელემენტები და რით არის ის მნიშვნელოვანი დანარჩენი სამყაროსთვის?

შეერთებული შტატები, ევროკავშირი და იაპონია ჩინეთს იშვიათ მიწათა ელემენტების ლიმიტირებაში ადანაშაულებენ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთი, რომელიც ამ იშვიათი მინერალების 95 პროცენტის ექსპორტიორია, მათი შეზღუდვით საერთაშორისო ვაჭრობის ნორმებს და რეგულაციებს არღვევს.

მობილური ტელეფონები, პლანშეტური კომპიუტერები, ვიდეო თამაშები, ტელევიზორები, თუ ბევრი სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგია, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ნაკლებად ხმაურდება... იშვიათ მიწათა ელემენტებს თითოეული მათგანი, პრაქტიკულად ყველა მოწინავე ელექტრონული მოწყობილობა და დანადგარი შეიცავს.

სკოლიდან ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა გემახსოვრებათ. იშვიათ მიწათა ელემენტები იქ 17 ელემენტისგან შემდგარ საკმაოდ ეგზოტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელსაც ლანთანიდის სერიასაც უწოდებენ. ისინი ბევრი ნიშნით ლითონებს გვანან, მაგრამ მაინც განსხვავდებიან მათგან. რას წარმოადგენს და რამდენად იშვიათია მართლაც იშვიათ მიწათა ელემენტები? ვეკითხებით სმითსონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარ, გეოლოგ ჯეფრი პოსტს.

„სიტყვა იშვიათიიმდენად სწორად არ გამოხატავს ამ ელემენტთა არსს, როგორიც შეიძლება იყოს - ფარული, დამალული. იშვიათ მიწათა ელემენტები უმთავრესად დედამიწის ქერქში მოიპოვება“. ამბობს გეოლოგი და გვიხსნის, რომ ზოგიერთ მათგანს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. ესენია: კალა, სპილენძი და თუთია. ისინი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ - ძალიან მცირე რაოდენობით. და იშვიათია ისეთი ადგილები, სადაც მათი რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს ელემენტები გადავამუშავოთ და მოვიპოვოთ. ამიტომაც სიტყვა „იშვიათი“ ამ შემთხვევაში ერთ ადგილზე „მოსაპოვებლად იშვიათ რაოდენობას“ უფრო ნიშნავს, ვიდრე თავად მინერალის იშვიათობას. ეს ელემენტები დღევანდელი მსოფლიო ბაზრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქის დადგომასთან ერთად მათი ფასები განუხრელად იზრდება.

„ფერადი გამოსახულება, რომელსაც სამგანზომილებიან ტელე, თუ კომპიუტერულ ეკრანებზე ხედავთ, სწორედ იშვიათ მიწათა ელემენტების მეშვეობით იქმნება. რაც უფრო მინიატურულია ელექტრომოწყობილობა, მით უფრო აუცილებელია ეს ეგზოტიკური მინერალები მათი შექმნისთვის. ისინი არამარტო ეკრანის, არამედ ბატარეების, მაგნიტების და ბევრი სხვა კომპონენტისთვისაც არის საჭირო“ -აღნიშნავს მეცნიერი.

ფასების ზრდის გამო იშვიათ მიწათა ელემენტების მოპოვება, თუნდაც უმცირესი რაოდენობით, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მომგებიანი ხდება. სამწუხაროდ, ამ მინერალების 90 პროცენტი ჩინეთის მხოლოდ ერთი საბადოდან მოიპოვება, რაც ქვეყანას წარმოების მონოპოლიზირების პრივილეგიას ანიჭებს. ჯეფრი პოსტის თქმით, იშვიათ მიწათა ელემენტების ერთმანეთისგან დაცალკევება და გადამუშავებაც საკმაოდ რთული პროცესია.

„სპეციალური ქიმიური პროცესია საჭირო, რომ ამ მინერალების დაცალკევება მოხდეს. არამარტო მადნიდან გამოყოფა, არამედ - ერთმანეთისგანაც. მადანი თითქმის არასოდეს შეიცავს ერთეულ იშვიათ მიწათა ელემენტს, არამედ უმეტესად განსაზღვრული რაოდენობით - რამდენიმეს, ან ყველას ერთად“ - ამბობს გეოლოგი.

ქიმიური შემადგენლობით ეს მინერალები ერთმანეთს ძალიან გავს, რაც მათი ერთმანეთისგან დაცალკევებისთვის დამატებით პრობლემას ქმნის და საკმაოდ კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს. მთელი მსოფლიოს გეოლოგები გამუდმებით მუშაობენ ახალი საბადოების და გადამუშავების ინოვატორულ მეთოდოლოგიებზე, ისევე როგორც ტექნოლოგიური ნარჩენებიდან მათი ამოღების გაზრდაზე.
XS
SM
MD
LG