ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული ვიზიტი შედგა


აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და ბირმის ოპოზიციის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი მედიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 19 ოქტომბერი, 2012 წ.

ბარაკ ობამა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტის დროს ბირმაში ჩავიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ვიზიტის დასაწყისში თეთრი სახლი აცხადებდა, რომ სამხრეთ აზიაში მოგზაურობის მთავარი აქცენტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე ამერიკის ყურადღების შენარჩუნება და მნიშვნელობა იყო. კამბოჯაში ჩასვლამდე ბარაკ ობამამ ტაილანდი მოინახულა, შემდეგ კი ისტორიული ვიზიტით ბირმას ეწვია. აზიის საკითხების ექსპერტები სწორედ რანგუნში ჩასვლას მოიაზრებენ პრეზიდენტის აზიური ტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად, სადაც ამერიკელი ლიდერი პირველად ჩავიდა და იქ პრეზიდენტსა და დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.

რანგუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარი დანაპირები გაიხსენა 2009 წლის ინაუგურაციიდან, როდესაც მან ხელი გაუწვდინა რეპრესიულ მთავრობებს.

„ბირმაში, ბოლო წელიწადნახევარია, ხუთი ათწლეულის მანძილზე არსებული დიქტატურა ამცირებს გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. პრეზიდენტ თინ სეინის მმართველობის ქვეშ, ცვლილების სურვილს რეფორმატორული ხედვა ახლავს. მთავრობას ამ ქვეყანაში სამოქალაქო პირი მართავს და პარლამენტის როლიც იზრდება.“

ობამამ აღნიშნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მნიშველობა, ასევე, დემოკრატიის ეროვნული ლიგის მიერ 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ძალდატანებითი შრომის აკრძალვა, ახალი ეკონომიკური კანონები და ბირმაში მოღვაწე სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებას შორის მიღწეული ცეცხლის შეყტვეტის ფაქტი.

„ბირმაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხელისუფლების მიერ ინიცირებულმა რეფორმებმა საზოგადოების მისწრაფებებს უნდა უპასუხოს. ამ ქვეყანაში არ უნდა ჩაქრეს პროგრესის ნაპერწკალი, რომელიც ბოლო პერიოდია ვიხილეთ. პირიქით, ეს ნაპერწკალი უნდა გაძლიერდეს და ბირმელი ხალხის გზამკვლევი შუქურა გახდეს.“

აღსანიშნავია, რომ ბირმაში ბარაკ ობამას სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ახლავს. მათ ესკორტს რანგუნის ქუჩებში ათასობით ადამიანი, ამერიკისა და ბირმის დროშებით ხელში აღფრთოვანებული ეგებებოდა. პარლამენტის შენობაში ამერიკელი პრეზიდენტი მის ბირმელ კოლეგას შეხვდა - ყოფილ გენერალს, რომელმაც უკვე გადადგა რეფორმატორული ნაბიჯები. ბირმელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარკვეული წინაღობები და იმედგაცრუება არსებობს, თუმცა ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ახლა გაუმჯობესების გზაზეა.

ბარაკ ობამა დემოკრატიისთვის მებრძოლ ლიდერს აუნგ სან-სუჩისაც ესაუბრა. „სწორედ ამ სახლის კედლებში გვაჩვენა სან-სუჩიმ გაუტეხელი სიმამაცე და ნება და დაგვიმტკიცა, რომ ადამიანის თავისუფლება და ღირსება უპირველესია და მისი წართმევა არავის შეუძლია.“

„გარდამავალ პერიოდში ყველაზე რთული ეტაპი დგება როცა გგონია, რომ წარმატება ახლოს არის. სწორედ ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ხალხისთვის სასურველ წარმატებას მივაღწიოთ,“ განაცხადა აუნ სან სუ ჩიმ.

ბარაკ ობამა 20 ნოემბერს აზიურ ტურნეს დაასრულებს და ვაშინგტონში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG