ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის როლი ავღანეთში


რუსეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთში გარკვეული ინტერესი აქვს

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ავღანეთში 130,000-იანი ჯარი ჰყავს, აქედან 90,000 ამერიკელია. რუსეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთში გარკვეული ინტერესი აქვს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით წარმოდგენილი არ არის. მიუხედავად ამისა მოსკოვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს “ნატო”-ს მხარდაჭერის საკითხში ავღანეთში.

ბევრ ავღანელს ახსოვს ავღანელი მუჯაჰედების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ წარმოებული ათწლიანი ომი. კონფლიქტი, რომელიც 1989 წლის თებერვალში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანით დასრულდა.

სეთ ჯონსი „რენდ”-ის კორპორაციის ექსპერტია ავღანეთის საკითხებში.

„დღესდღეობით პაკისტანის გარდა, ალბათ, არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ისე სძულთ ავღანეთში, როგორც რუსეთი. ავღანელთა უმრავლესობას, რომლებთანაც მე რეგულარული შეხება მაქვს, ძალიან მძაფრი მოგონებები აქვს 80-იან წლების საბჭოთა ომთან მიმართებაში. ალბათ, საუკეთესო გამოსავალია, რომ დღეს რუსეთი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში, სწორედ, ამ მოგონებების გამო.

იმის მიუხედავად, რომ ავღანეთში რუსული სამხედრო ჩექმა დღეს არ იმყოფება, მოსკოვი „ნატო”-ს დახმარებას უწევს ავღანეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებში, რადგან თალიბთა გამარჯვება, თუ სამოქალაქო ომი არ შედის რუსეთის ინტერესებში. სეთ ჯონსის განცხადებით:

„მზარდი რადიკალური ისლამის იდეა, რომელიც რუსეთის საზღვრებისაკენ მიიწევს, მოსკოვის აშკარა შეშფოთებას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა დაუშვა ნატოს მომარაგებისთვის განკუთვნილი საჰაერო, სარკინიგზო და სატვირთო გადაზიდვები საკუთარ ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის გავლით,”

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფორმებული უკანასკნელი ხელშეკრულება ნატოს მიერ ულიანოვსკში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის გამოყენებას ითვალისწინებს. ულიანოვსკი, ყოფილი სიმბირსკი, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 900 კილომეტრში, ხოლო ყაზახეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 300 კილომეტრშია, საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, ვლადიმერ ლენინის დაბადების ადგილია და ამჟამად რუსეთის საჰაერო ძალების შტაბ-ბინას წარმოადგენს.

ნიუ იორკის ბერნარდის კოლეჯის ექსპერტი ცენტრალური აზიის საკითხებში, ალექსანდერ კული ამბობს, რომ ულიანოვსკი ავღანეთიდან შეიარაღების გამოსატანად იქნება გამოყენებული. მისი თქმით:

„ მნიშვნელოვანი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ნატო” რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო აღჭურვილობას განათავსებს. ამან პროტესტი გამოიწვია ქალაქის მოსახლეობის მხრიდან ნატოს როლთან დაკავშირებით. სინამდვილეში ბაზას მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვა ექნება. რუსეთის ოფიციალური პირები და მოხელეები ასობით მილიონ დოლარს ამოიღებენ სატრანზიტო გადასახადების სახით. ასე, რომ შესაძლოა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთისთვის კარგი კომერციული გარიგება აღმოჩნდეს,” - ამბობს კული.

შეერთებული შტატების სამხედრო კოლეჯის სახელმწიფო უსაფრთხოების ექსპერტის, სტივენ ბლანკის თქმით, ულიანოვსკი მგრძნობიარე თემაა.

“ნატოს არ სურს ამას საჰაერო ბაზა დაარქვას, რადგან რუსულ საზოგადოებასა თუ მთავრობაში ნამდვილ რისხვას იწვევს. პრინციპში, ეს ლოჯისტიკური შტაბ-ბინა იქნება, საიდანაც ჩვენ შეგვეძლება ავღანეთიდან გამოტანილი მასალები საჰაერო საშუალებებით ევროპაში ან შეერთებულ შტატებში დავაბრუნოთ. ეს არ იქნება საჰაერო ბაზა - აქ არ განხორციელდება რაიმე სახის სამხედრო ოპერაცია და არ განთავსდება არანაირი სამხედრო ძალები,” - განაცხადა ბლანკმა.

თავის საბოლოო ანალიზში, ბლანკი ამბობს, რომ რუსეთს ავღანეთთან მიმართებაში არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკა აქვს.

„ერთის მხრივ, მათ დანამდვილებით ესმით, რომ შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესებს იცავს, როდესაც თალიბანისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ იბრძვის. მეორეს მხრივ, მათ სურთ ჩვენ ცენტრალური აზიის მიღმა გვიხილონ. მათ არ შეუძლიათ ამ წინააღმდეგობის დაძლევა. თუ მათ სურთ, რომ ჩვენ ცენტრალური აზიის მიღმა გვიხილონ, ულიანოვსკის ლოჯისტიკური შტაბ-ბინა ამის განხორციელების საშუალებაა, რადგან ეს, პრინციპში, მასალების გაცილებით სწრაფად გამოტანის გზაა,” - ამბობს სტივენ ბლანკი.

მრავალი ექსპერტი ირონიულად აღნიშნავს, რომ „ნატო” და შეერთებული შტატები უზბეკეთსა და ავღანეთს შორის არსებულ თერმეზის სასაზღვრო პუნქტს, ე.წ. „მეგობრობის ხიდს”, ავღანეთიდან გამოსვლის ერთ-ერთ სატრანზიტო პუნქტად გამოიყენებენ. ეს სწორედ ის გზაა, რომელიც საბჭოთა ჯარებმა 1989 წლის თებერვალში ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანისას გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG