ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის აეროპორტიდან რაკეტები გაუშვა


სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, ორშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანის აეროპორტიდან, სავარაუდოდ ორი მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა. ეს ამ თვეში მეოთხე გამოცდაა, რაც ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო არსენალის ზრდის მაჩვენებელია.

რაკეტების გაშვების შესახებ იაპონიაც იუწყება. იაპონიის მთავრობამ ეს ქმედება დაგმო, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი მუქარა. ჩინეთმა ყველა მხარეს სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ბირთვული იარაღით აღჭურვილმა ჩრდილოეთ კორეამ, ამ გამოცდამდე ორ კვირაზე ნაკლებ დროში, რაკეტების კიდევ სამი გამოცდა მოაწყო, რაც რაკეტების გაშვების უჩვეულოდ სწრაფი წყებაა. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ორი გამოცდა „ჰიპერბგერითი რაკეტებით“ ჩატარდა, რომლებიც დიდი სიჩქარით და გაშვების შემდეგ მანევრირების უნარით ხასიათდება, პარასკევს ჩატარებული გამოცდის დროს კი, ორი მოკლე რადიუსის რაკეტა მატარებლის ვაგონებიდან გაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეამ, აეროპორტი „ჰვასონგ-12“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვებისთვის 2017 წელს გამოიყენა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების მრავალჯერადი გაშვება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის იაპონიისთვის, მძიმე პრობლემაა. მან აღნიშნა, რომ გამოცდებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები დაირღვა, რაც ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების შემუშავებას სრულად უკრძალავს.

XS
SM
MD
LG