ჩინეთმა ტაივანის წყლებში ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტაიპეიში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, ჩინეთმა ტაივანის გარშემო მდებარე წყლებში, 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტაივანის ხელისუფლება ავრცელებს.

ტაივანის თავდაცვის უწყების ცნობით, ჩინურმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები ტაივანის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებთან მდებარე წყლებში, ხუთშაბათს გაისროლა.

ასევე ნახეთ: პელოსიმ ტაივანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩინეთი ბრაზს არ მალავს

ჩინეთმა თავდაპირველად განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნები გავლენას მოახდენს ტაივანის მახლობლად ექვს ზონაზე და კვირამდე გაგრძელდება. თუმცა, ტაივანის ოფიციალური პირების თქმით, ხუთშაბათს წვრთნები მეშვიდე ზონამდე გავრცელდა, სადაც წვრთნები ერთი დღით მეტხანს გაგრძელდება.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ჩინური მედია აცხადებს, რომ გამოსაცდელი სროლები მოიცავდა „შორი დისტანციის სარაკეტო არტილერიას“ და „ჩვეულებრივ რაკეტებს.“

ტაივანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები, არღვევს კუნძულის ტერიტორიულ წყლებს და მის მოქმედებას ბლოკადას ადარებენ.

თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების ნაწილის ფიქრობს, რომ ჩინეთის წვრთნები, შესაძლოა იყოს შეჭრის რეპეტიცია და იმის დემონსტრირება, რომ პეკინს შეუძლია ტაივანი ბლოკადაში მოაქციოს.

ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ ჩინეთს, ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნების ჩატარების სრული უფლება აქვს

ნენსი პელოსიმ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტაივანი ხუთშაბათს დატოვა. მან ჩინეთის გაღიზიანების ფონზე, რომელიც მას საკუთარ ტერიტორიად თვლის, ტაივანის დემოკრატიულ მთავრობას ამერიკის სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.