ჯანმომ კოვიდ-19-ის გლობალური ჯანდაცვის საგანგებო ვითარება დასრულებულად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო), „კოვიდ-19“-თან მიმართებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი გააუქმა. პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროსს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ პანდემია კოვიდ-19 ჯანდაცვის კრიზისზე გაცილებით მეტი იყო. მან შეარყია მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკა, მოშალა მოგზაურობა, გაანადგურა ბიზნესები და "მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩაძირა".

ასევე ნახეთ: ჯანმოში აცხადებენ, რომ კოვიდით კვირაში 10,000 ადამიანი კვდება

გებრეიესუსის თქმით, ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პანდემია კლებისკენ მიდიოდა და „ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების საშუალება გაჩნდა.“ შემდეგ კი ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა: „ამიტომ, დიდი იმედით ვაცხადებ, რომ კოვიდ-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა, დასრულდა.“

განცხადება გაკეთდა სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც 2020 წლის 30 ივნისს, გებრეიესუსმა გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 10 ათასზე ნაკლები შემთხვევა, მეტწილად ჩინეთში იყო აღრიცხული. მას შემდეგ, ამ ავადმყოფობამ მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 1 მილიონი მხოლოდ შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

„კოვიდ-19“-ის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირველი ასეთი საერთაშორისო ღონისძიება იყო მას შემდეგ, რაც 2019 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქება მოხდა.