ამერიკა კანადასთან და მექსიკასთან საზღვარს ნოემბერში გახსნის

ამერიკის შეერთებული შტატები, თავის სახმელეთო საზღვარს კანადასთან და მექსიკასთან ნოემბრის დასაწყისში გახსნის. თუმცა, საზღვარი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებისთვის გაიხსნება.

საზღვარი 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დროს ჩაიკეტა და ის დახურული იყო ნებისმიერი ავტომობილის, მატარებლისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მგზავრობისა და სავაჭრო მიზნით საზღვრის კვეთის დროს.

ასევე ნახეთ: კონგრესმა ამერიკის მთავრობისთვის საკრედიტო ლიმიტი დროებით გაზარდა

მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვრის გახსნის გარდა, პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვტილებით, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინც სრულად იქნება აცრილი და შესაბამის სამოგზაურო დოკუმენტს ფლობს, შეძლებს ამერიკაში ჩამოსვლას. ეს წესიც, ძალაში ნოემბრის თვეში შევა, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ბაიდენის ადმინისტრაცია, ამერიკელი კანონმდებლებისგან დიდი წნეხის ქვეშ იყო. ისინი თეთრი სახლისგან მოითხოვდნენ, დროულად შეემსუბუქებინათ აკრძალვები მოგზაურობასთან და საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. კანონმდებლების თქმით, ეს წესები ოჯახის წევრებს აშორებდა ერთმანეთს და ამერიკას ტურიზმისგან შემოსულ მილიარდობით დოლარს აკარგინებდა.