აშშ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტში ჩართულ რუსულ გემს სანქციებს უწესებს

შეერთებული შტატები გეგმავს რუსული ხომალდის სანქცირებას, ევროპაში ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის შეჩერების მიზნით.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურ პირებს ბერლინში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში განუცხადა, რომ ხომალდ „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები ძალაში 19 იანვარს შევა.

სანქციები ითვალისწინებს ნებისმიერი ევროპული კომპანიისთვის სადამსჯელო ღონისძიებებს, რომლებიც ფორტუნასთან ითანამშრომლებენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის დასასრულებლად. აღნიშნული მილსადენი რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ: კრემლი: აშშ-ის ახალი სანქციები ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დასრულებას ხელს შეუშლის

შეერთებული შტატები პროექტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს კრემლის გავლენას გაზრდის ევროპის ენერგო ბაზარზე და საფრთხეს შეუქმნის უკრაინის უსაფრთხოებას და ეკონომიკას.

მილსადენი გაზს ევროპაში უკრაინის შემოვლით გაიტანს, რაც კიევისთვის ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სატრანზიტო შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს. გერმანიის მთავრობამ ამერიკის გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოხატა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბერლინი ამ განაცხადს "მწუხარებით“ უდგება.

ასევე ნახეთ: ვაშინგტონში დიპლომატები ფიქრობენ, რომ ბაიდენი სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ გაამკაცრებს

2019 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის მშენებლობაში ჩართული ნებისმიერი გემის სანქცირებას ითვალისწინებს. შედეგად შვეიცარიულმა კომპანიამ „ოლსიმ“ სამუშაოები შეაჩერა. ამ დრომდე მილსადენის 90 პროცენტი დასრულებულია. რუსეთი ახლა პროექტის დასრულებას საკუთარი გემებით ცდილობს. სწორედ ეს გახდა ამერიკის მხარის თქმით, სანქციების გაფართოების მიზეზი.

ახალი სანქციები ძალაში ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე შევა. არჩეულ პრეზიდენტი ჯო ბაიდენისგან მოელიან, რომ ის მოსკოვის პირისპირ უფრო მკაცრ პოზიციებს დაიჭერს. მან წარსულში მილსადენის პროექტის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა. თუმცა ბაიდენის გუნდი ასევე აცხადებს, რომ გააუმჯობესებს ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის, ბერლინთანაც.