ბაიდენმა ტრამპის „დარჩით მექსიკაში“ პროგრამა დაასრულა

„დარჩით მექსიკაში“ პოლიტიკა ამერიკაში ოფიციალურად დასრულდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს შექმნილი პროგრამა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. პროგრამის გაუქმების შესახებ ცნობა უკვე გადაგზავნილია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში.

პროგრამა რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა, მექსიკიდან ამერიკაში თავშესაფრის მაძიებლებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ლოდინს მექსიკაში ავალდებულებდა და მათი დაშვება ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს პროგრამა ათიათასობით ადამიანს შეეხო.

პროგრამის „დარჩით მექსიკაში“ გაუქმებამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა ინაუგურაციიდან მალევე მიიღო გადაწყეტილება შეეჩერებინა პროგრამა, რის გამოც 2021 წლის იანვრიდან დღემდე ამერიკის საზღვარზე 11 000-ზე მეტი მიგრანტის შემოსვლა მოხდა, რომლებიც ამერიკაში თავშესაფარს ითხოვენ. ინფორმაცია ბოლო მონაცემების შესახებ სააგენტო „როიტერს“ ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა მიაწოდა.

ასევე ნახეთ: რით განსხვავდება ბაიდენის და ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებს არ იზიარებენ რესპუბლიკელები, ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამის გაუქმება ხელს უწობს ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტების ჩამოსვლას მექსიკიდან. ამის დასტურად კი რესპუბლიკელებს ბოლო თვეების განმავლობაში საზღვარზე არსებული ვითარება მოჰყავთ.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეხანდრო მაიორკასი ამბობს, რომ პროგრამა არ იყო ეფექტური და ის ადკევატურად არ აძლიერებდა საზღვრის მენეჯმენტს.

„ჩემი შეფასებისას, მე ვიზიარებ რწმენას, რომ მიგრაციის მართვა მხოლოდ ეფექტური, პასუხისმგებლიანი და გრძელდვადიანი მეთოდით შეგვიძლია, სხვანაირი მიდგომით,“- ამბობს მეიორკასი.