გენერალური ასამბლეა დაიხურა

გაერომ ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის საკითხებზე იმსჯელა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ძირითადი დრო ისლამოფობიით გამოწვეულ ტრაგიკულ ფაქტებს და მათზე რეაგირების აუცილებლობის საკითხებს დაუთმო. მსოფლიოს ლიდერებს მან ქმედითი ღონისძიებებისენ მოუწოდა, რათა საბოლოოდ დაიგმოს ძალადობა და ექსტრემიზმი, რომელიც სრულიად უსუსურმა ფილმმა რამდენიმე ათეულ ქვეყანაში გამოიწვია.

„არ არსებობს სიტყვა, რომელიც უდანაშაულოთა მკვლელობას გაამართლებს. არ არსებობს ვიდეო, რომელიც საელჩოზე შეტევის საფუძვლიანობას დაამტკიცებს. არ არსებობს ცილისწამება, რომელიც ლიბანში რესტორნის დაწვის ფაქტს, ტუნისში სკოლის დანგრევის, ან პაკისტანში მსხვერპლის აუცილებლობას დაასაბუთებს“ - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას გაეროს ასამბლეაზე ყველაზე მეტად თეატრალიზებული მომენტი უწოდეს. მან ტრიბუნასთან საშუალო ზომის ნახატი გამოიტანა, რომელზეც ყუმბარა იყო დახატული. პრემიერი შეეცადა საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ბომბის 90 პროცენტი უკვე მზად არის. ამით ისრაელის პირველ პირს სურდა მსოფლიოს ლიდერებისთვის ირანის ბირთვული პროგრამების გადამწყვეტ ფაზაში გადასვლა დაესაბუთებინა და დაემტკიცებინა, რომ ეს არამარტო მისი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკების შემცველია.

მომავალ გაზაფხულზე, ან ყველაზე გვიან შემდეგ ზაფხულს, ურანით გამდიდრების დღევანდელი ტემპის მიხედვით, ისინი გადამწყვეტ ფაზაში გადავლენ. მხოლოდ რამდენიმე თვე რჩება, შეიძლება რამდენიმე კვირაც კი, სანამ პირველი ბობმი მზად ექნებათ“.

ნეთანიაჰუს გამოსვლამ და შემდეგ პალესტინელი პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის სიტყვამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ ახმადინეჟადის გამოსვლა მეორე პლანზე გადაწია. ირანის ლიდერი ფაქტიურად მსოფლიოს ახალ მოწყობაზე და გადანაწილებაზე საუბრობდა.

გაეროს ასამბლეაზე ერთ-ერთი მთავარი თემა მალიში ძალადობის ფაქტებიც იყო. უმაღლესი დონის შეხვედრაზე საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა გაეროს მშვიდობისმყოფელებს წესრიგის დამყარებისკენ და ალ-ყაიდას საფრთხის განეიტრალებისკენ მოუწოდეს.

ყველა ზემოთხსენებული საკითხი საბოლოო ჯამში სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა დაჩრდილა. ის მთავარ საერთაშორისო კრიზისად რჩება. გამონაკლისის გარეშე, დიდი თუ პატარა ქვეყანა, ყველა სირიელებს სისხლისღვრის შეწყვეტის და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვალიდ მუალემი გაეროს სესიაზე ერთ-ერთი ბოლო გამომსვლელი იყო. თარჯიმნის მეშვეობით გაჟღერებულ გამოსვლაში მან განაცხადა:

„ძალიან გვაინტერესებს რა დოზით არის კატარის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ამერიკის და საფრანგეთის რჩევები საერთაშორისო პასუხისმგებლობით ნაკარნახევი, რადგან ეს ქვეყნები სირიაში ტერორიზმს ფულით, იარაღით და უცხოეთში დაქირავებული მეომრებით უწყობენ ხელს“.

როგორც ცნობილია, სირიაში ძალადობის ესკალაცია გრძელდება და საერთაშორისო ძალები ჯერჯერობით მის შეწყვეტას და მოვლენებზე ზემოქმედებას ვერ ახერხებენ.